ავტორი:

რა წერია სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნაში, რომელიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა

რა წერია სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნაში, რომელიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა დადო. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 23 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის რიგით მესამე ვიზიტი განხორციელდა პაციენტ (ბრალდებულ/მსჯავრდებულ) მიხეილ სააკაშვილთან. პაციენტი მოთავსებულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წლის 19 ნოემბრიდან.

"ვიზიტი განხორციელდა შემდეგი ექსპერტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი. ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს.

ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფმა გამართა დისტანციური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ და გიორგი გრიგოლიამ.

სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს.

პაციენტის მდგომარეობის შეფასება

პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კვლავ უჩივის საერთო სისუსტეს, წონასწორობის დარღვევას. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.

(გასინჯვის მოკლე აღწერა იხილეთ დანართში1).

ძირითადი საყურადღებო პრობლემები

1.ყურადღებას იპყრობს ფოსფატის დონის შეფარდებითი ვარდნა სისხლში: 3მმოლ/ლ-დან (რამდენიმე დღის წინ) - 1,08 მმოლ/ლ-ამდე, რაც შეესაბამება პროგნოზირებულ რეფიდინგის სინდრომს და ითხოვს ფოსფორის, ასევე სხვა ელექტროლიტების ხშირ მონიტორინგსა და საჭიროებისამებრ შევსებას.

(შევსების რეკომენდირებული პროტოკოლი იხილეთ დანართში3).

2.ვერნიკეს ენცეფალოპათია ამ ეტაპზე არ პროგრესირებს. გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის, კვების დაწყებისა და თიამინის ინტენსიური შევსების შემდეგ, კრუნჩხვით აქტივობას ადგილი აღარ ჰქონია და პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დასტაბილურდა.

ჩატარებული თავის კტ კვლევა დასკვნის მიხედვით რაიმე აბნორმალურს არ მიუთითებს. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, თიამინით ადეკვატური შევსების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ამ ტესტის სურათზე უკუვითარდება და რადგანაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, კვლევის გადაუდებელ რეჟიმში გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს.

სინდრომის მკურნალობა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობის ადეკვატურია.

3.თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იქნას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით.

4.ვიტამინების დეფიციტისათვის გაგრძელდეს მულტივიტამინები.

5.ფიზიკური რეაბილიტაცია.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

გიორგი გრიგოლია;

გრიგოლი ხურციძე;

გიორგი კაჭარავა;

გიორგი პაპიაშვილი;

აიდა გოზალოვა;

თენგიზ წულაძე;

ნინო ზავრაშვილი;

მამუკა მაჩაიძე“, - ნათქვამია განცხადებაში.