ავტორი:

"სოსო მკაცრი მამაა, მაგრამ მეგობრული... დედა უმეტესად თბილისშია" - როგორ ცხოვრობს მოსკოვში, მამასთან ლევან პავლიაშვილი, რომელმაც საქართველო 15 წლის ასაკში დატოვა

"სოსო მკაცრი მამაა, მაგრამ მეგობრული... დედა უმეტესად თბილისშია" - როგორ ცხოვრობს მოსკოვში, მამასთან ლევან პავლიაშვილი, რომელმაც საქართველო 15 წლის ასაკში დატოვა

15 წლის იყო ლევან პავლიაშვილი, როდესაც თბილისიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახმა ასე გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდას სწავლა რუსეთში უნდა გაეგრძელებინა, სადაც ცნობილი მომღერალი და მამა, სოსო პავლიაშვილი ელოდებოდა. ლევანი ცნობილ მამას მხოლოდ გარეგნულად კი არ ჰგავს, მუსიკალური ნიჭიც გამოჰყვა. სოსო პავლიაშვილის ერთადერთ ვაჟს, რუსეთის მეგაპოლისში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია. მიუხედავად ამისა, სამშობლო მაინც ენატრება და წელიწადში ორჯერ მაინც სტუმრობს საყვარელ თბილისს.

მომღერალი სოსო პავლიაშვილი წლების წინ ნინო უჩანეიშვილზე იყო დაქორწინებული და წყვილს საერთო ვაჟი, ლევანი ჰყავთ. 1997 წელს, პავლიაშვილმა 16 წლით უმცროსი მოცეკვავე - ირინა პატლახი გაიცნო, რომელზეც მოგვიანებით იქორწინა და ორი გოგონა გაუჩნდათ.

როგორია ლევან პავლიაშვილის მოსკოვური ცხოვრება, რას ამბობს ცნობილ მამაზე და დედაზე, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ექსკლუზიურად Ambebi.ge-ს ესაუბრა:

- ლევან, ბავშვობით დავიწყოთ, თბილისში ცხოვრობდით, როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, 15 წლამდე მანდ ვცხოვრობდი. შემდეგ მოსკოვში წავედი, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდიოდი, რადგან უთბილისოდ არ შემეძლო. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ჩემი გული, ტვინი, ყოველთვის თბილისში იყო. დედა, ნათესავები, ბავშვური მოგონებები, წლები, რომლებიც თბილისში გავატარე. ყველას აქვს ბავშვობა, მაგრამ განსაკუთრებულად თბილისში და საქართველოში რომ ბავშვობა გვქონდა, ჩვენი პერიოდის ხალხს, ეს იყო სითბო, სიყვარული, პატივისცემა, რაც ყველაფერი კარგი იყო, ყველაფერი თბილისში იყო. ეს ბავშვობა დღემდე მაქვს გულში, სადაც არ უნდა ვიყო და რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ეს ყოველთვის ჩემში იქნება.

- შემდეგ იყო მოსკოვი, სადაც მამამ წაგიყვანათ და ცხოვრება იქ გააგრძელეთ, რამდენი წლის იყავით და ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ

- დიახ, 15 წლის ასაკიდან ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლა მოსკოვში გამეგრძელებინა. 2002 წელს გადმომიყვანეს მოსკოვში. აქ სუვოროვის სასწავლებელში ვისწავლე. მოსკოვში ჩამოსვლისას, ერთადერთი პრობლემა მქონდა რომ რუსული არ ვიცოდი. აქაური მეგობრების დახმარებით ვისწავლე, ყველაფერი ხომ მაინც პრაქტიკაა.

- ფიზიკურად ძალიან გავხართ მამას, ასევე არაჩვეულებრივად მღერით და რუსეთში ყველა გიცნობთ... როდის აღმოაჩინეთ სიმღერის ნიჭი?

- დიდი მადლობა, მიხარია, ამას რომ მეუბნებით. დიახ, ვგავარ, მაგრამ ბავშვობიდან ამას ვერ ვამჩნევდი. ახლა რაც გავიზარდე და ერთად რომ ვართ, ვხედავ, რომ უფრო დავემსგავსე. რაც შეეხება სიმღერას, ბავშვობიდან მიყვარდა. დედა მუსიკოსი მყავს და მამა მომღერალი, ბავშვობიდან მქონდა ეს გენეტიკურად. რომ წამოვიზარდე კონკურსებში ვმონაწილეობდი. შემდეგ კარაოკეშიც ვმღეროდი და მივხვდი, რომ შემიძლია სიმღერა. თან მე თვითონ ძალიან მიყვარს სიმღერა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, კარგად იცით, თბილისელებს რა გემოვნება გვაქვს მუსიკისა და სიმღერაში.

- სოსო პავლიაშვილი როგორი მამაა?

- ძალიან სამართლიანია, მომთხოვნია და მკაცრი, როცა საჭიროა და ასეც უნდა იყოს. საერთოდ სოსო მოსიყვარულე ადამიანია. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ, დიახ, მეამაყება რომ სოსო მამაჩემია. ჩვენ ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ბავშვობაშიც ასე იყო და ახლაც ასეა, მომავალშიც ასე იქნება. ისეთ საიდუმლოს გავუმხელ ხოლმე, რომ ჩემ ძმაკაცს და უახლოეს მეგობარს ვერ ვეტყვი. ძალიან კარგი რჩევები იცის, კარგი დარიგება. ძალიან კარგი მამაა სოსო.

- ლევან, დედაზე მოგვიყევით, სად ცხოვრობს ახლა დედა, რამდენად ხშირად ახერხებთ მის ნახვას?

- დედა ჩემთვის უსაყვარლესია ამ ქვეყანაზე. პირველი ადამიანია, ჩემი ნინო. დედა ყველასთვის წმინდაა, მაგრამ ჩემთვის ნინო არის ამ ქვეყანაზე საუკეთესო ადამიანი. უახლოესი ძმაკაცი იყო ცხოვრების ყველა ეტაპზე. მამაც რა თქმა უნდა ასეა, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ დედა იყო ჩემთვის მიუწვდომელი. ნინო სულ თბილისში ცხოვრობდა, ჩამომყავს ხოლმე, ძალიან მენატრება. ხან მოსკოვში ჩამომყავს, ხან სადღაც დასასვენებლად რომ მივდივარ, იქ ვხვდები. დედა რომ ვერ ვნახო, უბრალოდ ვერ გავძლებ.

- ლევან, როგორია თქვენი მოსკოვური ცხოვრება, როგორც ვიცით მამას კლუბს ხელმძღვანელობთ...

- 19 წელია აქ ვცხოვრობ და მივეჩვიე. ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ძალიან ჩქარი და ენერგიული ქალაქია. ჩვენი კარაოკე კლუბი გვაქვს Небо на ладони და იქვე ქართული რესტორანი „მუკუზანი“. სამ წელიწადნახევარია ამ საქმეს ვეწევით და ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის.

- რას იტყვით იმ ურთიერთობაზე რაც ახლა რუსეთ-საქართველოს შორის არის, რამდენად მოქმედებს ეს რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე?

- პოლიტიკასთან ყოველთვის შორს ვიყავი და ვარ. მაგრამ როდესაც საუბარი მიდის საქართველოსა და რუსეთს შორის, ყველაზე ძალიან ამაზე მწყდება გული. აქ რომ იცოდეთ, მოსკოვში და რუსეთში საქართველო და ქართველები ისე უყვართ, ვერ წარმოგიდგენიათ. აქაურებს ისეთი გულისტკივილი აქვთ. აქ ყველა ამბობს, რომ არ უნდა მომხდარიყო, ცდილობს, რომ დაივიწყონ, ამას ვერავინ დაივიწყებს, მაგრამ მე ერთი მინდა, რომ მართლმადიდებლურ ქვეყნებს შორის ასეთი რამე არ ხდებოდეს. ჩემო კარგო ხალხო, ჩემი თხოვნაა, რომ ერთი ღმერთია, ერთი იესოა ჩვენს თავზე და ჩვენს მაღლა. მოდი, ღმერთს მოვუსმინოთ, ეკლესიას მოვუსმინოთ. არ შეიძლება მართმადიდებლურ ქვეყნებში საქმის გარჩევა და ომი, ეს არის დიდი ცოდვა. ნუ მოუსმენთ ტელევიზიით ნალაპარაკებს, აქ ხალხი გიჟდებიან საქართველოზე და ქართველებზე. აქაურ ქართველებსაც არავის არ უნდა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ასეთი გაუგებრობა იყოს. ჩვენ არ ვართ მაგის მომხრე.

- ლევან, თქვენს შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ, საქართველოში თუ გიფიქრიათ კონცერტის ჩატარებაზე?

- ბევრი გეგმები მაქვს, ღმერთის წყალობით ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს გეგმები გამომივიდეს და ხალხი გავახარო. რაც შეეხება თბილისში კონცერტებს, ძალიან მინდა ჩემს მშობლიურ ქალაქში მაგარი კონცერტი ჩავატარო, ხალხი შევკრიბო და ერთად ვაჩუქოთ ეს სიხარული და სიყვარული. იმედია, რომ პანდემია გადაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, ჩამოვალთ და კონცერტს გავაკეთებთ აუცილებლად. სად წავალთ აბა. მთელი სულით და გულით ვამბობ, რომ ჩვენ საყვარელ ხალხს ვაჩუქებთ სიყვარულს და სიხარულს, ამას გპირდებით.

- როგორია ხოლმე რეაქციები როდესაც მოსკოვში კონცერტზე ქართულად მღერით?

- გიჟდებიან აქ რომ ქართული სიმღერა ესმით. პოზიტიურ ხასიათზდე დგებიან და ეგრევე გყვებიან. ისე უყვართ ქართულ ენაზე ნამღერი, რომ სიმღერები იციან ზეპირად და ჩვენ გვყვებიან. ქართული სიმღერა რომ ისმის რუსეთის ცენტრში და ამას დღემდე სიყვარულით და სიხარულით იღებენ, ეს სასიამოვნოა ჩვენთვის ყველასთვის.

- მანდ მცხოვრებ რომელ ცნობილ ქართველებთან გაქვთ ურთიერთობა

- ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, თბილი, მეგობრული, წლებია ეს ასე გრძლედება. თამრიკო გვერდწითელთან, დიანა ღურწკაიასთან, უნიჭიერეს ვალერი მელაძესთან. კიდევ მინდა დავამატო რომ მოსკოვში ბევრი ახალი არტისტი ჩნდება, რომლებიც თავის ნიჭით და შრომით ბევრს აღწევენ. ძალიან ბევრი არიან ასეთები. აი, ახლა ახალი ჯგუფი გამოვიდა „ბრავო მეტეხი“, შვიდი ბიჭი არიან, "გლიჯავენ" უკვე მოსკოვში, ეს ძალიან სასიხარულოა. გვიხარია, რომ ქართველები ერთად ვართ ჩვენი შრომისმოყვარეობით რაღაცას ვაღწევთ, ერთნი ვართ და ერთნი უნდა ვიყოთ ყოველთვის. მადლობა ყურადღებისვის, რომ შემეხმიანეთ, მინდა, რომ მალე ჩამოვიდეთ და ჩვენ ხალხს ჩავეხუტოთ. მენატრებით და ძალიან მიყვარხართ, ეს არასოდეს არ გაქრება ჩემს გულში.