ავტორი:

"როცა ეს კანონპროექტი გავა, კობახიძეს ერთ საინტერესო შინაარსის SMS -ს გავუგზავნი" - რას წერს ლევან გოგიჩაიშვილი ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის ინიციატივაზე?

"როცა ეს კანონპროექტი გავა, კობახიძეს ერთ საინტერესო შინაარსის SMS -ს გავუგზავნი" - რას წერს ლევან გოგიჩაიშვილი ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის ინიციატივაზე?

ყოფილი პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით გახმაურებულ ინიციატივებს ეხმიანება და წერს:

"2019 წელს "ოცნებამ" ჩააგდო ეს კანონპროექტი (ონლაინ კაზინოებზე). ზუსტად ასეთივე შინაარსის, რომლის შესახებაც ახლა ღარიბაშვილი საუბრობს. არადა, რამდენი დრო დაიკარგა. მახსოვს კენჭისყრის წინ კობახიძემ სიტყვა მოითხოვა და უმრავლესობას მოუწოდა კანონპროექტი ჩაეგდოთ. ძალიან მონდომებული იყო ეს კანონპროექტი არ გასულიყო. რა ტყუილად დაიკარგა ეს დრო. რამდენი ადამიანი გაუბედურდა ამ პერიოდის განმავლობაში. არასდროს მავიწყდება "პირველი არხის" ოპერატორი სანდრო, რომელიც ცხვარიჭამიაში გარდაცვლილი იპოვეს. ვინ იცის ახლა ცოცხალი იქნებოდა. დემაგოგია არაა ეს. ცხადია, ძალიან გამიხარდება თუ ჰაერში არ დარჩება ეს საკითხი და კანონად იქცევა. თუ დაჩქარებული წესით მიიღებენ მხოლოდ 2 დღე დასჭირდება ამ კანონპროექტის კანონად ქცევას. და როცა ეს კანონპროექტი გავა, კობახიძეს ერთ საინტერესო შინაარსის SMS გავუგზავნი".

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, ხოლო მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ასევე ონლაინკაზინოების სრულად აკრძალვაც. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ "პალიტრამედიის" სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში ონლაინკაზინოების რეკლამაზე უარი ვთქვით და მას შემდეგ პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირება ჩვენს არცერთ პლატფორმაზე არ მომხდარა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სოციალური პასუხისმგებლობა არ გამოუჩენიათ არც ხელისუფლებას და დიდიწილად არც სხვა მედიასაშუალებებს. ხელისუფლების წარმომადგენლები დროდადრო აკეთებდნენ განცხადებებს, რომლითაც თითქოს გეგმავდნენ ამ ბიზნესის შეზღუდვას, თუმცა ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა.