"ვფიქრობ, ყველაზე რეალისტური და ობიექტური იქნებოდა, თუ სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა ექნებოდა მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლებას და საზოგადოებას ვთავაზობთ, რომ უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით მოკლე ვადაში დაორგანიზდეს სასამართლო მექანიზმი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
როგორც ვაშაძე ამბობს, ქვეყანამ ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მუდმივად მოჯადოებულ წრეში არ იყოს.
"ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი.
რაც შეეხება სხვა ვერსიებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, იქნება ეს სასჯელის გადავადება, საზღვარგარეთ მკურნალობა თუ ა.შ. ამას პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება. თუ ასეთი დისკუსია დაიწყება, მზად ვართ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა", - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უცხოელი მოსამართლეების მოწვევის შემთხვევაში ქართულ სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, საფუძველი ეცლება.
"სასამართლო რეფორმის სტრატეგიაში, რომელიც ოპოზიციას აქვს, უცხოელი მოსამართლეების საკითხიც გვაქვს მოხსენიებული. ეს არის დროებითი მექანიზმი იმისთვის, რომ სანამ არ ექნება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ნდობა საზოგადოების მხრიდან, მანამდე იყოს გამოყენებული ეს მექანიზმი, არა მარტო პრეზიდენტების, სხვა, პოლიტიკურად ანგაჟირებულ და აქტუალურ საქმეებთან და ბიზნესდავებთან მიმართებაში. საქართველოში, სამწუხაროდ, მართლმსაჯულება „კლანურია“, მას ნდობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან და ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ მოიტანს სტაბილურობას ქვეყანაში. ვფიქრობ, ასეთი დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ არ ვიყოთ ჩაკეტილი მოჯადოებულ წრეში", - განაცხადა ვაშაძემ.