"პალიტრამედიის" სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში ონლაინკაზინოების რეკლამაზე უარი ვთქვით და მას შემდეგ პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირება ჩვენს არცერთ პლატფორმაზე არ მომხდარა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სოციალური პასუხისმგებლობა არ გამოუჩენიათ არც ხელისუფლებას და დიდიწილად არც სხვა მედიასაშუალებებს. ხელისუფლების წარმომადგენლები დრო და დრო აკეთებდნენ განცხადებებს, რომლითაც თითქოს გეგმავდნენ ამ ბიზნესის შეზღუდვას, თუმცა ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა.
ამჯერად ხელისუფლება ახალ ინიციატივებს ახმაურებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, ხოლო მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ასევე ონლაინკაზინოების სრულად აკრძალვაც. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინკაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს. ამის თაობაზე მქონდა საუბარი ჩვენ ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები. საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოეთში გაედინება. ეს არის მილიარდ 500 მილიონი ლარი და აქედან 99% პროცენტი არის გაჭირვებული მოსახლეობის, ვინც არ მუშაობს. ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა, ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები, მზად ვარ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრო. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვიმედოვნებთ, რომ სიტყვა საქმედ ამჯერად მაინც იქცევა, რადგან მართლაც ერთი ნაბიჯია, რომ ამ უბედურებამ თითოეულ ჩვენგანს მიუკაკუნოს კარზე.