ინფლაციური ნახტომი

ინფლაციური ნახტომი

აღარ დარჩა პროდუქტი, რაზეც ფასი არ გაზრდილა. აგვისტოში დაწყებულმა ინფლაციამ სექტემბერში უფრო მასშტაბური სახე მიიღო და სამომხმარებლო ბაზარს მთლიანად მოედო. პურის გაძვირებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბიძგი მისცა სხვა საკვები პროდუქტის გაძვირებას. ამ დღეებში ფასების ზრდას ღორის ხორცზეც ელოდებიან. იმპორტიორები კილოგრამი გაყინული ღორის ხორცის საბითუმო ფასს 4,8-დან 6 ლარამდე გაზრდიან.

პროდუქციის, სულ ცოტა, 5 თეთრით გაძვირება მოუწევთ სოსისისა და სხვა ხორცპროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებს. ფასები გაყინულ ქათმის ბარკალზეც მოიმატებს. კომპანია "ვესტ ინვესტი", რომელიც ხორცის უმსხვილესი მომმარაგებელია, ფასების მატებას მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებას უკავშირებს.

ოფიციალურმა სტატისტიკამ სექტემბერში 9,8%-იანი ინფლაცია აღრიცხა, რაც პოსტკრიზისულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა და როგორც წესი, ის ოფიციალურს რამდენჯერმე აღემატება.

ყველაზე მტკივნეული პურის გაძვირება აღმოჩნდა. უმთავრეს საკვებ პროდუქტზე 5-, 10- და 20-თეთრიანი მატებაც კი აღინიშნა. ფასმა 15-20%-ით მოიმატა საკვებ ზეთზე. იმპორტირებული "ოლეინა", რომელიც ერთი კვირის წინ 3.85 ლარი ღირდა, 4,05 ლარი გახდა. ზეთის იმპორტიორები ამას ნედლეულის გაძვირებით ხსნიან. გაძვირებულია ბურღულეულიც. ფასმა განსაკუთრებით მოიმატა წიწიბურაზე, რაც რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შეზღუდვებს უკავშირდება. ბაზარზე ამის გამო დეფიციტიც შეიქმნა.

შაქარი ერთი კვირაა კიდევ 5,5%-ით გაძვირდა, იმ დროს, როცა მსოფლიო ბაზარზე ფასმა 1,5%-ით დაიკლო. ამჟამად ბაზარზე ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა შაქარი 87 ლარამდე ღირს, რაც ბოლო ერთ წელიწადში 12%-იანი ზრდაა. მაღაზიებმა კილოგრამის საცალო ფასი 1,80-დან 1,90-მდე გაზარდეს.

"აგარის შაქარის" მფლობელი აზერბაიჯანული "ქუოლითი შუგარი", რომელიც ბაზრის მონოპოლისტია, აცხადებს, რომ პროდუქციის შემოტანას 40-45 დღე სჭირდება, ამიტომ მსოფლიო ბაზრის ფასი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად არ მოქმედებს. კომპანიის თქმით, ფასებზე იმოქმედა ცუდმა კლიმატურმა პირობებმა უკრაინასა და რუსეთში, რომლებიც შაქრის ძირითადი მწარმოებლები არიან. ფასი მომავალი წლის დასაწყისისთვის მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც დაიკლებს.

შაქრის გაძვირების გამო ფასების გადახედვა ტკბილეულის მწარმოებლებსაც მოუხდათ. სექტემბრის დასაწყისში ფასი მათ ერთხელ უკვე გაზარდეს. ტკბილეულის მწარმოებლებს კიდევ უფრო გაუჭირდათ კონკურენცია იმპორტულ ტკბილეულთან, რადგან უკრაინასა და რუსეთში მწარმოებლებს ნედლეული ჩვენს მწარმოებლებზე გაცილებით იაფი უჯდებათ.

მიშა ფარულავა ("ჯორჯიან ბეიკერი"): "ნედლეული 15-20%-ით გაგვიძვირდა. ჩვენზე განსაკუთრებით ფქვილის გაძვირებამ იმოქმედა. მოიმატა ზეთის, ცხიმის, თხილის, ვაშლის ფასმა. თუ ასე გაგრძელდა, ფასის გადახედვა კიდევ ერთხელ მოგვიწევს".

შაქრის გაძვირებისა და სხვა ხარჯების მატების გამო ფასი გაზარდეს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმაც, რომელზეც, ოფიციალური სტატისტიკით, ისევე როგორც სურსათზე, სექტემბერში ფასებმა 7,5%-ით მოიმატა. "ყაზბეგის" ლიმონათის მწარმოებელი გოგი თოფაძე ამბობს, რომ მას შეუძლია შაქარი ბელორუსიიდან და უკრაინიდან შემოიტანოს, მაგრამ საბაჟოზე ბარიერები ექმნება.

გასულ კვირას მკვეთრად მოიმატა ფასმა რძის პროდუქტებზეც, 1-ლარიანი მაწონი უკვე 1,25 ლარი ღირს. გაძვირდა რძე, ხაჭო, არაჟანი და ყველი. წლეულს სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. ალკოჰოლურ სასმელებზე ფასის ზრდის მიზეზი აქციზის გაზრდილი განაკვეთის ამოქმედება გახდა, რასაც ლუდსა და სპირტიან სასმელებზე 10-15%-იანი მატება მოყვა.

გაძვირდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სერვისი, დასვენება, გასართობი და კულტურული მომსახურება, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე კომუნალური და სხვა გადასახადები, ჯანდაცვა და განათლება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტარიფებმა მხოლოდ კავშირგაბმულობაზე დაიკლო.

მაქსიმალური ნიშნულზე ინფლაცია 2007 წელს იყო, როცა 11%-ს მიაღწია, ხოლო შემდეგ კლება დაიწყო. მოგვიანებით კი ინფლაციის შემცირება კრიზისისა და აგვისტოს ომისშემდგომ პერიოდში გაგრძელდა. 2009 წელს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 3%-მდე იყო დასული. ხოლო წლეულს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ის ნიშნულზე დაგეგმა.

სურსათზე მსოფლიო ფასებიც გაზრდილია. საკვებ პროდუქტებზე ფასები ბოლო 15 თვის მაქსიმუმს აღწევს. მსოფლიო სამომხმარებლო ფასებზე განსაკუთრებით იმოქმედა მარცვლეულისა და ხორცის გაძვირებამ, რასაც რუსეთის ემბარგომ გაუკეთა პროვოცირება. ერთთვიანი გაძვირების შემდეგ ხორბალზე ფასმა ცოტა დაიკლო, მაგრამ ამას საქართველომდე ჯერ არ მოუღწევია.

იმის გამო, რომ საქართველოს ბაზარი უმეტესად იმპორტზეა დამოკიდებული, მსოფლიო ფასების გავლენა მომავალშიც დიდი იქნება. საბროკერო კომპანია "ბიჯიაი კაპიტალის" ექსპერტების პროგნოზით, წლის ბოლომდე სამომხმარებლო ფასების ზრდა გაგრძელდება, დეკემბრის ბოლოსთვის სავარაუდოდ 7,8%-ს მიაღწევს და სებ-ის მიერ დაგეგმილ 6%-იან ნიშნულს მხოლოდ 2011 წლის II კვარტალში დაუბრუნდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი თვეების განმავლობაში სებ-ი ანტიინფლაციურ პოლიტიკას განახორციელებს და იმპორტზე ინფლაციის შესაკავებლად, ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნებას ეცდება.

ნონა ქვლივიძე

"ეკოპალიტრა"

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ