ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი "იუთუბ" არხზე არქივიდან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის მიხეილ სააკაშვილისა და "ვარდების რევოლუციის" შესახებ საუბრობს.
"ეს იტერვიუ პირველად ქვეყნდება. ვარდების რევოლუციიდან ზუსტად ერთი წელი იყო გასული, როდესაც შევადნაძესთან მივედი. Მაინტერესებდა რას ფიქრობს ერთი პრეზიდენტი მეორეზე ერთი წლის შემდეგ….ბევრ რამეზე ახლა შეგვიძლია მივიღოთ პასუხი ამ ინტერვიუდან", - წერს ჩაგელიშვილი.
გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
"ეს არის ნიჭიერი კაცი (საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე), კარგად იცნობს მსოფლიოს, მე არ ვიცი კიევში დაამთავრა, ნიუ იორკში სწავლობდა, თუ ჰარვარდში და სხვაგან და სხვაგან... განათლებული კაცია. გამოცდილება აკლდა. სხვათაშორის, სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი ეს არის. მართალია, მაშინ ლადო ჭანტურია იყო, უჭკვიანესი კაცი, ძალიან გამოცდილი, ერთად აკეთებდნენ და არ ვიცი ახლა რომელმა მეტი გააკეთა, რომელმა ნაკლები, მაგრამ ლადო ამას ავსებდა და ზომიერად ჩატარდა ეს ყველაფერი.
მერე იქ აღარ მოინდომა დარჩენა, გადმოვიდა საკრებულოში, ნუ აქაც ნორმალურად მუშაობდა. მერე დეპუტატობა მოიწადინა. პირველმა მე ვთქვი, საბურთალოზე ვიყავი და აი, ეს არის ჩემი კანდიდატი მეთქი, პარლამენტში აირჩიეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იცით?!
ცხოვრებამ უნდა გასწავლოს, ხანდახან უნდა წაიბორძიკო და წაიბორძიკებ კიდეც, მაგრამ ისე არა, რომ სულ ბორძიკ-ბორძიკში იყო, ერთხელ რომ წაიბორძიკებ, გაკვეთილი უნდა გამოიტანო, დასკვნა უნდა გამოიტანო. მე მგონი, მას აქვს იმდენი ჭკუა და ინტელექტი, რომ ამას ის შეძლებს, ძალიან მინდა რომ მჯეროდეს.
ხანდახან, ზოგიერთ მათგანს ჰგონია, რომ თუ რამე ცუდი მოხდება, მე მიხარია. მე უნდა ვიყო ჩემი ხალხის მტერი და ჩემი შვილების მტერი რომ ეს ასე იყოს. არ არის ასე. ყველა მათი წარმატება ჩემი წარმატებაა, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობა არ მიმიღია და ყველა მათი წაბორძიკება და ფეხის წაკვრა ჩემი შეცდომაა ამავე დროს და ჩემი დანაშაულიცაა", - ამბობდა შევარდნაძე "ვარდების რევოლუციიდან" ერთი წლის შემდეგ