ავტორი:

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში ბუსტერდოზის გაკეთება 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში ბუსტერდოზის გაკეთება 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში ბუსტერდოზის გაკეთება 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 10 დღის განმავლობაში, რაც "ბუსტერის“ გაკეთება დაშვებულია, მესამე დოზით 7500 ადამიანია აცრილი და აქედან, 4000-ზე ცოტა მეტი 60 წელს ასაკის ზემოთაა.

"მოგეხსენებათ, "ბუსტერი" დაახლოებით 10 დღეა დაწესდა ქვეყანაში. პირველ ეტაპზე ეს იყო 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ახლა არის 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ნებისმიერი ვაქცინით. იცით, რომ 4 ვაქცინა ადმინისტრირდებოდა ქვეყანაში - "ფაიზერი“, "სინოფარმი“, "სინოვაკი“ და "ასტრაზენეკა“ და ნებისმიერ ვაქცინაზე 6 თვის შემდეგ შეიძლება აცრა ე.წ. გამაძლიერებელი ბუსტერდოზით. ბევრი კვლევით როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში დადგენილია, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი გრძელდება 6-8-10 თვის განმავლობაში, ამიტომ სასურველია, რომ "ბუსტერი" ძირითადად გაკეთდეს მეორე აცრიდან 6 თვის თავზე. თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები და საქართველომაც დაუშვა, რომ მოწყვლად მოსახლეობაში - 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში, ვინც აცრილია "სინოფარმით" და "სინოვაკით“, შეუძლიათ "ბუსტერი" გაიკეთონ მეორე ინექციიდან 3-6 თვის განმავლობაში და 6 თვის შემდეგაც. დაახლოებით, 10 დღეში, რაც "ბუსტერი" დაშვებულია, 7500 ადამიანია აცრილი და აქედან 4000-ზე ცოტა მეტი 60 წელს ასაკის ზემოთაა. მოგეხსენებათ, რომ აცრები დაწყებულია ასევე 12-15 წლის მოზარდებში და დღეისთვის დაახლოებით, 850-მდე ბავშვია აცრილი ერთჯერადად და 60-მდე ბავშვი სრულად, "ფაიზერის“ ვაქცინით.

ასევე, დაახლოებით, 10-დან 11 ათასამდე მოზარდამდე აცრილია 16-17 წლის ასაკის. ეს სტატისტიკა ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და საჭიროა უფრო მეტი აცრა, რათა შევაჩეროთ ქვეყანაში ეპიდემია და დიდი ადამიანური დანაკარგი.

ჩვენი გათვლებით, წლის ბოლომდე მესამე დოზა დაახლოებით, დასჭირდება 30-40 ათასამდე ადამიანს. 6 თვის შემდეგ "ბუსტერი" ძირითადად მოვა იმ ადამიანების ჯგუფებზე, ვინც აიცრნენ ივლის, აგვისტო-სექტემბერში და მათი აცრის დრო იქნება იანვარი-თებერვალი და მარტი. დაახლოებით, 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს "ბუსტერის" გაკეთება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის პირების აცრის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაიზარდა და ამაზე გავლენა 200-ლარიანმა ერთჯერადმა დახმარებამაც იქონია.

"ყოველდღიურად 60 წლის ასაკს ზემოთ მოსახლეობის აცრის პროპორციული წილი საერთო აცრებში 28-29% იყო, დღევანდელი მონაცემით, 50%-ს გადააჭარბა პირველად აცრებში. ანუ, გარკვეული სტიმული 200-ლარიან დახმარებას აქვს, მაგრამ არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროა კიდევ მეტი ადამიანის ინფორმირებულობა და ჩართვა აცრის პროცესში. 300-დან 450 ათასი ადამიანია ამ ასაკის აუცრელი და სასურველია მათი აცრა. თუ მოვახერხებთ და ამ ადამიანებს ავცრით, ეპიდემიას ძალიან მალე წელში გავტეხთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.