ავტორი:

თსუ-ს პროფესორის საერთაშორისო აღიარება - გიორგი ლობჟანიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო მიიღო

თსუ-ს პროფესორის საერთაშორისო აღიარება - გიორგი ლობჟანიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო მიიღო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო - შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შაჰრიარის მედალს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევართათვის გასცემს, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირანისტიკის განვითარებაში და გიორგი ლობჟანიძეს ეს ჯილდო ჯალალ ედ-დინ რუმის ქართული თარგმანისა და კომენტარებისათვის გადაეცა, ხოლო დაჯილდოება COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ რეჟიმში 17 ნოემბერს გაიმართა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაჯილოდების ცერემონილიაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ამავე ჯილდოზე წარდგენილი კიდევ ექვსი მეცნიერი ესწრებოდა, გიორგი ლობჟანიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის წარმომადგენლობას ჯილდოზე წარდგენისა და, ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და თავრიზის უნივერსიტეტს - ამ უმნიშვნელოვანესი მედლის მინიჭებისათვის. ამასთან, მანვე ხაზი გაუსვა ასეთი ჯილდოებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნებს შორის სამეცნიერო კავშირების გაღრმავებისათვის.

"ჩემამდე შაჰრიარის მედალი საქართველოდან რამდენიმე ძალიან ღირსეულმა ადამიანმა მიიღო უკვე და მიხარია, რომ დღეს მათ რიგებს მეც შევუერთდი. საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს მედალი მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ქართული ირანისტიკისაა, განსაკუთრებით, ჩემი დიდი მასწავლებლებისა, რომელთაგან ზოგი დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მთელი თავიანთი ცხოვრება შესწირეს ირანისტიკას. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში უძველესი უნივერსიტეტია და 1918 წელს არის დაარსებული, მისი დაარსების დღიდანვე ისწავლება სპარსული ენა და ლიტერატურა. ეს ტრადიცია დღეს უკვე ირანისტიკის განყოფილებაზე გრძელდება. მადლობას ვუხდი თავრიზის უნივერსიტეტს და მნიშვნელოვანია, რომ ეს მედალი ჯალალ ედ-დინ რუმის "არსთა მესნევისათვის“ მენიჭება. სხვათა შორის, რომ არა თავრიზიდან მონაბერი მადლი (შამსე თავრიზი) ჯალალ ედ-დინ რუმიც ვერასოდეს იქნებოდა ის რუმი, ვისაც მთელი მსოფლიო იცნობს და აფასებს“, - განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.

თსუ-ს ცნობით, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისთვის გადაცემული მედალი სპარსული ლიტერატურის უკანასკნელი დიდი პოეტის შაჰრიარის სახელს ატარებს, რომელიც ასევე თავრიზიდან იყო.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაჯილდოება წელს მეექვსედ გაიმართა და გიორგი ლობჟანიძემდე, სხვადასხვა წელს, ეს მედალი მიღებული აქვთ სხვა ქართველ ირანისტებს: თსუ ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, თეა შურღაიას, პროფესორ ნომადი ბართაიასა და დოქტორ მაია სახოკიას.