ავტორი:

"კობახიძეს რომ მოუსმინო, მართლა სჭირდება გარკვეული სახის მკურნალობა" - აკაკი მინაშვილი

"კობახიძეს რომ მოუსმინო, მართლა სჭირდება გარკვეული სახის მკურნალობა" - აკაკი მინაშვილი

"მიუკერძოებელი ექიმების მხრიდან დადასტურდა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება არ არის მზად მიაწოდოს ინტენსიური თერაპიული მომსახურება სააკაშვილს - სააკაშვილის გლდანში გადაყვანის მოტივი პოლიტიკური შურისძიება იყო" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ექიმების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის, რაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანით გააკეთა, არის არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს დამცირება.

"გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების ტყუილი. ექიმებს, რომლებიც შევიდნენ გუშინ, ვერავინ დააბრალებს რაიმე სახის პოლიტიკურ მიკერძოებას ან სიმპათიას, ვგულისხმობ საღი აზრის ადამიანებს, თორემ ხელისუფლება გაცდენილია ყველანაირ ზღვარს. კობახიძეს რომ მოუსმინო,მგონი მას მართლა სჭირდება გარკვეული სახის მკურნალობა. ამ ექიმებმა თქვეს ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ხელისუფლებამ ნაუცბადევად რაღაც გააკეთა, შეიტანა აპარატურა, რომლის დამონტაჟება ასე მარტივი არ არის, ამ ადამიანებმა თქვეს, რომ აპარატურა კი არის შეტანილი, მაგრამ არ არის შესაბამისი პირობები, რომ ინტენსიური თერაპიული მომსახურება მოხდეს, სიყალბესთან გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან. ეს დაწესებულება არ არის მზად ამისთვის, ეს დადასტურდა მიუკერძოებელი ექიმების მხრიდან. ეს თემა დაკავშირებულია იმასთან, თუ სად მოათავსეს მესამე პრეზიდენტი, რომლის ერთ- ერთი მთავარი წარმატება იყო მის გუნდთან ერთად კრიმინალთან ბრძოლა, სხვა კრიმინალებთან მოათავსეს, ორგანიზება გაუკეთეს შეურაცხყოფას, ამიტომ ამით დამტკიცდა, რომ ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის გლდანში გადაყვანის მოტივი პოლიტიკური შურისძიება იყო. ეს არის სახელმწიფოს დამცირება, როცა კრიმინალს ეძლევა საშუალება შეურაცხყოს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძოდა და ქვეყანაში უსაფრთხოება სურდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა აქტივობა, რაც ქვეყანაში ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის აქტივობა. ის არის ქვეყანაში ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დგას ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. ძალიან მნიშვნელოვანია საპროტესტო აქტივობები, მათ შორის შიმშილობა.

მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია არიან კრიტიკულ მდგომარეობაში და მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, ადამიანის სიცოცხლეს ეხება ერთ და მეორე შემთხვევაშიც საქმე, ამიტომ რაღაც დროს ხელისუფლება ვერ გაუძლებს ზეწოლას, ყოველდღიურად აკლდება ძალა და სუსტდება. ძალის დემონსტრირება, რომელსაც ის ცდილობს, ფართხალია სინამდვილეში, ისტორიული გამოცდილება გვანახებს, რომ ხელისუფლებები ძალის დემონსტრირებას ასეთ დროს ცდილობენ, მაგრამ უწევთ პოზიციის შეცვლა ხშირად ერთ და ორ საათში,"- განაცხადა მინაშვილმა.

რაც შეეხება მინაშვილის და პარლამენტში მოშიმშილე დანარჩენი დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც მეოთხე დღეა შიმშილობენ, მისი თქმით, თავს ნორმალურად გრძნობენ.

"მე არ ვსაუბრობ როგორ ვგრძნობ თავს, მეუხერხულება, როცა მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია შიმშილობენ ამდენი დღეა. ნორმალურად ვართ, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, 9 დეპუტატის, რომელიც აქ ვშიმშილობთ, არ არის ახლა მთავარი თემა. უმრავლესობის წევრი იყო აქ გუშინ რამდენიმე, მე პირადად არ მქონია მათთან კომუნიკაცია, მაგრამ რამდენიმე იყო მოსული, ეს იყო მოკითხვა მათგან,“ - განაცხადა მინაშვილმა.