"ორ კვირაზე მეტია სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. რომ გადავხედოთ ამ ორ კვირას, ამის საჭიროება არ არსებობდა - ყველა მაჩვენებელი წესრიგშია და ადამიანი, რომელსაც ციხეში ყოფნა ეკუთვნის, რატომ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საავადმყოფოში, ეს გაუგებარია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოთხოვნა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, აბსურდულია.
"მოთხოვნა არის აბსურდული და უკვე აბსურდის თეატრია, რასაც ვხედავთ. რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენი მხრიდან ახირებაა მისი არგადაყვანა. სინამდვილეში ხდება რა - ორ კვირაზე მეტია ისინი ამ მოთხოვნას აყენებენ. ხედავთ, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ამის აუცილებლობა არ არსებობდა. რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი ორი კვირა და მეტი სამოქალაქო კლინიკაში, გაუგებარია. აბსურდია. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ორი კვირის განმავლობაში, რა იქნებოდა სამოქალაქო საავადმყოფოში და სამოქალაქო საავადმყოფოსთან, ერთი ის, რომ ადამიანი, რომელიც ციხეში უნდა იყოს, გაუგებარი მიზეზების გამო ციხის გარეთ იქნებოდა - თანასწორობა დაცული უნდა იყოს. ასევე იქნებოდა მუდმივი რისკი, საჭირო იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოების არასაჭირო მობილიზაცია მაშინ, როდესაც შეიძლება რომ სხვანაირად განვითარდეს პროცესები - იყოს მცდელობები და ა.შ. ეს ყველაფერი ერთადერთი მიზნითაა, რომ სააკაშვილი რამენაირად გაიყვანონ ციხიდან. ეს დღესავით ნათელია და ბუნებრივია, ამ ახირებას ვერ გავყვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, როგორ შეიძლება საზოგადოებამ დაიჯეროს, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებები, კობახიძე პასუხობს: "რა დაჯერება უნდა, ადამიანი ნორმალურ მდგომარეობაშია“.
"უკვე 200-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა სააკაშვილს და ყველა თავისი თვალითაც რწმუნდება, რომ მდგომარეობა არის კარგი“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ ექიმები ყოველდღიურად გაავრცელებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, კობახიძე ამბობს, რომ საუბარია ანალიზის პასუხებზე, რაც გამოქვეყნებული იქნება.
"რაც შეეხება გასავრცელებელ ინფორმაციას, ის უკავშირდება მაჩვენებლებს, რომელსაც ვერავინ გააყალბებს, საუბარია ანალიზის პასუხებზე, რომელიც დღევანდელი მონაცემებით, წესრიგშია და სამომავლოდ იქნება გამოქვეყნებული“, - განაცხადა კობახიძემ.,
კობახიძემ ისაუბრა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებულ შესაძლო პროვოკაციაზეც. მისი თქმით თუ ვინმემ მძიმე პროვოკაცია მოინდომა, ვერცერთი სახელმწიფო ვერცერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს.
"პატიმრები იმისთვის არიან ციხეში, რომ უსაფრთოების განსაკუთრებული სტანდარტია უზრუნველყოფილი,"- აღნიშნა მან.
მისი თქმით, გორის ჰოსპიტალი სამოქალაქო კლინიკის მსგავსია და დაცული არ არის.
"გორის სამხედო ჰოსპიტალი არაა დაცული, ეს არაა სამხედრო ბაზაზე, ქალაქის ცენტრშია. გალავანიც კი არ ჰყოფს ქუჩისგან, ჩვეულებრივი სამოქალაქო კლინიკის მსგავსია. მეორე დღეს სააკაშვილი აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ მას გორის ჰოსპიტალიდან რუსები გაიტაცებენ, მარტივი კითხვა ისმის, თუ რუსებს შეუძლიათ გატაცება გორის ჰოსპიტალიდან, რატომ არ შეუძლიათ სხვებს ამის გაკეთება. დასკვნა არის მარტივი - ყველანაირი გზებით ცდილობენ სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ, რომ რაღაცები დაგეგმონ. იმ გეგმებს ასრულება არ უწერია, მაგრამ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირებმა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის წინადადებით მიმართეს, განაცხადეს, რომ ეს საკითხი "ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჰქონდათ შეთანხმებული.