"უნდათ, ვითარება ისე დაძაბონ, ხალხში უკმაყოფილება გაჩნდეს და ხელისუფლებამ ისეთი ძალა გამოიყენოს, რომ ამაზე იყოს სპეკულირება" - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
ქადაგიშვილის განცხადებით, აქციის ჩატარების პირობები კანონში საკმაოდ კარგად არის განმარტებული და "ნაციონალური მოძრაობა" აქციების გამწვავებას ცდილობს.
უმრავლესობის დეპუტატის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი არეულობა და პარალიზებაა.
"სანაპიროზე ინტენსიური მოძრაობაა და ქალაქის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება შეუფერხებლად იყოს, გზას სპეციალურად ჩახერგავენ თავიანთი იქ მისვლით, რათა ქალაქის პარალიზება მოხდეს. ამის მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცამ პროტესტი გამოხატოს ან თავისი აზრი თქვას, არამედ აქციის მიზანია, ქალაქისა და ქვეყნის პარალიზება. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ მოახდინონ ადამიანების ცხოვრების პარალიზება ხელოვნურად. უნდათ, ქვეყანა მუდმივი ჯანჯღარის პროცესში იყოს და ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიოს.
მათი მიზანია, რომ პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს. მათ ხომ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ - სულ უნდათ, სხვამაც გაიმეოროს ისეთი, რომ საკუთარი თავი გაამართლონ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.