"ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა მოგვარდეს.
"თუ მსოფლოში ინფლაციის დონეს შევხედავთ, ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია. ამით არის განპირობებული თუნდაც ის ინიციატივა, რაც მედიკამენტზე ფასების დარეგულირებას შეეხება და რაზეც აქტიურად ვმუშაობთ.
რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს არის ელემენტარული სტატისტიკა. 2005-2006-2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა მაშინაც საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა და თუ არ ვცდები, 2007 წელს ორიშნა ზრდაც იყო, სიღარიბე ლამის 39-40%-ს აღწევდა. 2018-2019 და 2020 წელს პანდემიის მიუხედავად, სიღარიბის დონე იგივე მაჩვენებელზე იყო. ზრდა გახდა არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური იმისთვის, რომ ზრდის სიკეთე მთლიანად მოსახლეობას მოხმარდეს. როგორ ხდება ეს? გვაქვს მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს არ არის თვითმიზანი. მიზანი არის ის, რომ გაზრდილი ეკონომიკიდან მეტი გადასახადი შემოვიდეს და ბიუჯეტიდან მეტი სოციალური თუ ბიზნეს პროექტი დაფინანსდეს. ეს არის ამის მექანიკა, თორემ ის, რომ პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და ამის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“,-განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება.
"ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას" - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მან ასევე ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რომელიც მისვე თქმით, საგარეო ვაჭრობაში ვლინდება.
"დღეს, 11:00 საათზე, სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა საგარეო ვაჭრობის მორიგი შედეგები, რომელიც საკმაოდ დადებითია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ოქტომბრის თვეში ექსპორტი არის გაზრდილი 31,4%-ით. საკმაოდ მაღალი ზრდაა 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით. თუმცა, თუ შევადარებთ 2019 წლის ოქტომბერს, პანდემიამდე პერიოდს, ზრდა 29% არის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა ისეთი ტენდენცია, რომ ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტს. მთლიანობაში, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, იზრდება საგარეო სავაჭრო ბრუნვა, მისი ორივე კომპონენტი, როგორც ექსპორტი ისე იმპორტი. თუმცა, ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს. ანუ, თუ ექსპორტი გაიზარდა 31,4%-ით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24%. ამას აღვნიშნავთ, იმის გამო, რომ პირველი შედეგები გამოიღო ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც არის ორიენტირებული იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომ ექსპორტი გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი. ზოგადად, ექსპორტის ზრდა ეს არის დიდი შემომტანი მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას, მეტი დასაქმება შევქმნათ ჩვენი პროგრამების მეშვეობით.
საკმაოდ გეგმაზომიერი შეხვედრები გვაქვს პრემიერ-მინისტრთან. ეკონომიკური გუნდი ერთად ვიკრიბებით და გავდივართ, ვაახლებთ იმ პროგრამებს და საინვესტიციო შევთავაზებებს, რაც დაგვიგროვდა. ორი დღის განმავლობაში განვიხილავდით მსხვილ საინვესტიციო შეთავაზებებს და სრულიად ახალ პროექტებსაც, რაც ეკონომიკის სამინისტრომ კერძოდ მოამზადა“, - განაცხადა თურნავამ.