"იმ ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და იქ, სადაც მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები," - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 46 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
"როგორც მოგეხსენებათ, "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირება. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან არსებულ ვითარებაზე, მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ კანონის დარღვევა. ამ დროისთვის დაკავებულია 46 პირი ადმინისტრაციულად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ასევე პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის,“- განაცხადა ვაჟა სირაძემ.