ნობელის პრემიის ლაურეატი და ქალების უფლებადამცველი, მალალა იუსაფზაი დაქორწინდა. მოკრძალებული ცერემონია დიდ ბრიტანეთში, მალალას სახლში შედგა. მან ამბავი საზოგადოებას "ტვიტერის“ საშუალებით აცნობა და ისლამური წესით ქორწინების ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
“დღეს ჩემი ცხოვრების ძალიან ძვირფასი დღეა. მე და ასერი შევთანხმდით, რომ მთელი ცხოვრების პარტნიორები ვიყოთ. ცერემონია გვქონდა სახლში, ბირმინგემში, ოჯახის წევრებთან ერთად. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ლოცვები. აღფრთოვანებულები ვართ, რომ მომავალში ერთად უნდა ვიაროთ“, - წერს 24 წლის მალალა.
მალალას მეუღლის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, თუმცა მედიამ გაარკვია, რომ მისი ქმარი, ასერ მალიკი არის პაკისტანის კრიკეტის საბჭოს წევრი.
მალალა იუსაფზაის ამბავი 2012 წელს მთელმა მსოფლიომ შეიტყო. 15 წლის იყო, როდესაც პაკისტანში დაჭრეს და მის გადარჩენას არავინ ფიქრობდა, თუმცა გადარჩა. თვეების განმავლობაში მკურნალობის შემდეგ, დაწერა წიგნი "მე მქვია მალალა“, სადაც თავისი ამბავი აღწერა და რომელიც ბესთსელერი გახდა. იუსაფზაიმ ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.
17 წლის იყო, როდესაც ნობელის პრემიით დააჯილდოვეს იმ საქმისთვის, რომელსაც გოგონების უფლებების დაცვისა და მათთვის განათლების ხელშეწყობისთვის აკეთებდა.
მიმდინარე წლის ივლისში ბრიტანულ Vogue-სთან ინტერვიუში მალალამ თქვა, რომ არ იყო დარწმუნებული ოდესმე დაქორწინდებოდა თუ არა.
"მე ჯერ კიდევ ვერ ვიგებ, რატომ ქორწინდებიან ადამიანები. თუ გინდა, რომ ვინმე გყავდეს ცხოვრებაში, რატომ არის საჭირო საქორწინო ფურცლებზე ხელის მოწერა, რატომ არ შეიძლება, რომ ეს იყოს მარტივად - პარტნიორობა?!“, - ამბობდა მალალა.