პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. ქუჩაში პროტესტის გამოსახატად გავიდნენ ადამიანები.
თითქმის ყველა არხზე ამ დროს ქვეყნაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში გადიოდა, გამონაკლისი იყო ტელეკომპანია "იმედი", სადაც გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავები“ გადიოდა. შოუს ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ დუტა სხირტლაძე, რომელიც წლების განმავლობაში "რუსთავი 2“-ზე მუშაობდა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად იცნობდა საზოგადოება. თუმცა დუტას "იმედზე“ გადასვლის შემდეგ არასოდეს დაუფიქსირებია პოლიტიკური სიმპათია რომელიმე პოლიტიკოსისადმი.
სწორედ დუტა სხირტლაძის ფაქტორი გახდა გამაღიზიანებელი ნიკა გვარამიასთვის, რომელმაც შოუს მიმდინარეობის პარალელურად, მისი მისამართით არც თუ ისე სასიამოვნო სტატუსი გამოაქვეყნა.
"გაიცანით, დუტა სხირტლაძე.
2021 წლის 8 ნოემბერი - "ტვ იმედზე“ მიჰყავს "ცეკვავენ ვარსკვლავები“.
2007 წლის 8 ნოემბერი - "რუსთავი 2“-ზე მიჰყავდა "ჯეოსტარი“.
ის იგივეა, მარად და მარად...“ - წერს გვარამია.
ნიკა გვარამიას სტატუსზე უცნობმა თუ ნაცნობმა ადამიანებმა შოუმენის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები არ დაიშურეს. მხოლოდ სამმა ცნობილმა ადამიანმა დაუჭირა დუტას მხარი. ესენი არიან: ნანკა კალატოზიშვილი, კოკო როინიშვილი და მწერალი ტორესა მოსი.
ტორესა მოსი:
"დუტა ჩემი მეგობარია, საერთო ღირებულებები და ფასეულობები გვაქვს. დუტა 20 წელია ამ ქვეყნის მთავარი შოუმენია და საუკეთესო მსახიობი მათ შორის, ვინც კი სცენაზე მინახავს ოდესმე. სამწუხაროდ, საკმაოდ დაუფასებელი მისი ნიჭის და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით. რაც შეეხება 2007 წლის 8 ნოემბერს, საკუთარ საქმეს აკეთებდა, 2021 წლის 8 ნოემბერსაც საკუთარ საქმეს აკეთებს და ვფიქრობ 2031 წელსაც თავის საქმეს გააკეთებს და ეს ასეც უნდა იყოს. დუტას არც მაშინ მიჰყავდა პოლიტიკური გადაცემა, არც დღეს მიჰყავს და არც 2031 წელს წაიყვანს. საკუთარი საქმის ერთგულება კი ღირსებაა, რომელიც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ არც ისე ბევრ ადამიანს ახასიათებს. აქვე ჩემ გინებაზეც ხსნილია, თუმცა პრინციპში ყველა გინება, რომელიც ჩემი მეგობრის მისამართით დაიწერა, ბუნებრივად მეც მეგინა, თუმცა ცხადია სახელობით ჩემკენაც შეგიძლიათ განაგრძოთ".
ნანკა კალატოზიშვილი:
"გავიცანი და ვიცნობ დიდი ხანია! იმდენად კარგად, რომ ვიცი, როგორ უყვარს ქვეყანა, ბევრისგან განსხვავებით. დუტას ბულინგისთვის რომ გცალიათ ახლა, უკვე ძალიან კარგად ხართ!"
კოკო როინიშვილი:
"დუტა ჩემი მეგობარია... ბევრს არ ვიცნობ, ვისაც დუტასავით უყვარს თავის ქვეყანა".
მოგვიანებით კი ნიკა გვამარიამ, ერთ-ერთ მეგობარს, კომენტარზე - "ბევრი მუშაობდა სამთავრობო არხებზე, მათ შორის პოლიტიკურ გადაცემებში და დაკვეთებსაც ასრულებდა წარმატებით, თუმცა დღეს ოპოზიციური ტელევიზიების წამყვანი სახეები არიან …“ - უპასუხა.
"ან ნიჭიერი რატოა, ან სამშობლოზე გულანთებულობა ცხოვრების რომელ ეპიზოდში შეატყვეთ? რეებს ბოდავთ მართლა?! ყალბი და ფარისევლური ყველაფერი საძულველია ამ დროს ერთი ფულის ხამი, უნიჭო მსახიობი და მედროვე ნაძირალაა...“ - წერს გვარამია.
Ambebi.ge შეეცადა დუტა სხირტლაძის კომენტარის მოპოვებას. მსახიობმა ჩვენ ზარებს არ უპასუხა, ტექსტურ შეტყობინებაზე კი მოგვწერა, რომ არ სურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება.