პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ფორმას აფასებს და აცხადებს, რომ "ყველანი გატაცების მომსწრები გავხდით."
"რა თქმა უნდა, შეუძლოდ გახდა, სუსტად იყო და ამის შედეგია ყველაფერი. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია. სამწუხაროდ, არაფერი არ ვიცით. მასთან ჯერჯერობით არავის არ უშვებენ.
ერთადერთი რაც ვიცით, გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია პენიტენციური სამსახურის, რომ გადაყვანილია გლდანის ციხეში.
ადვოკატები ჩართულნი არიან და ჩვენც, ოჯახი ვცდილობთ, რომ დავუკავშირდეთ.
ფაქტობრივად, ყველანი გავხდით მომსწრენი მოტაცების, გატაცების. არ შეიძლება, ასეთი რაღაც არ ხდება არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში. ეს არის შურისძიება გარკვეული პიროვნებებისგან და რა თქმა უნდა, ვიცით, ვისიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისგან.
ჩვენ სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული ამ ქვეყანაში. ამათ ხელში ჩვენ ყველაფერს ველოდებით, სამწუხაროდ ასეა", - აცხადებს დავით სააკაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.