რეჟისორი გოგა ხაინდრავა მეუფე ნიკოლოზს ღია წერილით მიმართავს.
"საცნაურ არსს გზანი უფლისანი“ - ასე არ არის მეუფე ნიკოლოზ? საჯაროდ მოგმართავთ იმიტომ, რომ თქვენი განცხადებაც საჯარო იყო. ორმოცდღიანი მშრალი მარხვა რომ 39 დღით განისაზღვრება და ხბოს ღვიძლის შეზავებული ფაფის მიღებით შეინახება, ეს თქვენგან გავიგე პირველად.
პრეზიდენტყოფილი საკუთარ ეროვნებასა და ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს რომ იტყვი და პროდუქტის გადასატანი მაცივრით ქვეყანაში შემოიპარები, ეს რომ "დიდი ღვაწლი და მსხვერპლი“ ყოფილა "ქვეყნის თავისუფლებისთვის და გაძლიერებისთვის“, ესეც თქვენგან გავიგე პირველად.
"მშრალი მარხვის“ ყველა დღეს საზოგადოების და ოპონენტების შეურაცმხყოფელ უსტარებს რომ აგზავნი ციხიდან, ესეც თუ "ერთმანეთის სიყვარულისთვის და სიძულველის ენის სამუდამოდ დავიწყებისთვის“ შეიძლება იყოს გამიზნული, ესეც თქვენგან გავიგე პირველად.
მიშა სააკაშვილს, მის წარსულ და აწმყო საქმიანობას დავით მეფსალმუნის, დავით აღმაშენებლის და დემეტრე თავდადებულის ღვაწლს რომ გაუტოლებ, მაპატიოს უფალმა, მაგრამ ასე მგონია, არც შენ წარსულს უნდა სცემდე პატივს და არც მომავალს; არც შენს ერს, არც ქართულ სახელმწიფოს; არც ქართულ მარლმადიდებელ ეკლესიას და არც მის მრევლს! და ბოლოს, დღეს საღამოს, მშრალი მარხვით "ნამარხულევი“ და თქვენგან ნაზიარები მიშა სააკაშვილის მიერ დამოძღვრილი ზონდერები, "სიყვარულისა და სიძულვილის ენის სამუდამოდ დავიწყების“ საბაბით და "ქვეყნის თავისუფლებისა და გაძლიერებისთვის“ პოლიციას რომ შეუტევენ და ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი კერების მოწყობას შეეცდებიან, იქნება მაშინ დაფიქრდეთ იმაზე, რომ მღვდელმთავრის მაღალი წოდება უდიდესი პასუხისმგებლობაა, ეკლესიის, ერის, მრევლის და უფლის წინაშე!" - ვკითხულობთ გოგა ხაინდრავას მიმართვაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 40-დღიანი მშრალი მარხვით სააკაშვილმა ძალიან დიდი ღვაწლი გასწია.