ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკებში საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი, მობილობა კი 2%-ით გაზრდილია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"საწოლფონდის დატვირთვა იზრდება. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში შემთხვევების რაოდენობა კვლავაც მაღალი რჩება. 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული, მაგრამ უკვე დაკავებულია 6916 საწოლი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია 1678 და რეანიმაციაში 355 პაციენტი წევს. გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი, 40% იყო ბოლოს და ახლა 35%-ზეა ჩამოსული. მობილობის ზრდა არის 2%-იანი, რაც ხელს უწყობს ინფექციის კიდევ მეტად გავრცელებას. ამდენად, აქ ჩვენთვის გამოსავალია აქტიური ვაქცინაციის პროგრამა. ის გადაწყვეტილებები, რაც საბჭომ მიიღო პენსიონერების ვაქცინაციასა და მწვანე საშვთან დაკავშირებით, გარკვეულად წაახალისებს პროცესს,“- განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, გარკვეულწილად მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, რაც ძალიან საფრთხილოა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ამ მიმართულებით რეგულაციებია დასაცავი.
"ინფექციის შეკავების გზა ისევ და ისევ არის დაწესებული რეგულაციების დაცვა, რომელიც მოქმედებს. ამის აღსრულება არის დღეს მნიშვნელოვანი. პირბადის გამოყენების მაღალ ნიშნულს თუ მივაღწევთ, ეს შედეგს მოგვცემს. გარკვეულწილად მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, ესეც რა თქმა უნდა, ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა, ზომები არის დასაცავი. ჩვენ გავიარეთ შეზღუდვების ყველა ეტაპი, ვნახეთ, როგორ ტალღისებურად ვითარდება ეს ყველაფერი. ამიტომ, ამ ეტაპზე ისევ და ისევ ჩვენს ხელთ რჩება 3 ძირითადი წესი, რაც ვიცით: დისტანციის დაცვა, ხელის ჰიგიენა და პირბადის გამოყენება, ამას კიდევ ემატება ვაქცინაცია. ამ კონკრეტული მომენტისთვის მეტი რესურსი და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ ხვალვე ეპიდემიიის გავრცელება საოცრად შეჩერდეს. კვლავ რჩება ვაქცინაციის მექანიზმი, რაც სიკვდილიანობის შემცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა“,-განაცხადა გაბუნიამ.