ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საპატრიარქოს თავად შეუთვალა, რომ ზიარება სურდა და ამაზე ლოცვა-კურთხევა პატრიარქმა გასცა.
ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“პატრიარქის გარეშე ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. მან შემოგვითვალა თავად, რომ სურდა ზიარების მიღება. როგორც კი ეს პატრიარქს ვუთხარი, არავითარი დაყოვნება არ ჰქონია და თქვა, რომ რადგან მას ზიარება უნდა, აუცილებლად უნდა ეზიაროს. ეს იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ. ამის შემდეგ ვემზადებოდი პროცედურულად და ეს იყო პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომ მან სრულებით მიიღო წმინდა ზიარება”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ისეთ “მნიშვნელოვან პიროვნებას, როგორიც სააკაშვილია”, განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება.
ამასთან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ აგრძელებს თუ არა სააკაშვილი შიმშილობას, ამ საკითხზე მასთან არ უსაუბრია.
"კლინიკაში გადაყვანას რაც შეეხება, ეს ადამიანურია, ჰუმანურია და ვფიქრობ, საჭიროა. ასეთი ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებაა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია და მეორე მხრივ ადამიანია, რომელიც ასეთი მძიმე ფიზიკური სტრესის ქვეშაა, 40 დღეა მშრალად მარხულობს, ვფიქრობ, განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება.
რაც შეეხება მის გათავისუფლებას, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა თავისი საქციელისთვის პასუხი უნდა აგოს, მაგრამ სასამართლო და განსჯა ადეკვატური უნდა იყოს”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.