ავტორი:

"ალბათ, პაპუნა ურჩევდა, რომ არ დაელია და ეს არ აპატია... ეს მოფიქრებული მკვლელობაა" - რას ჰყვებიან სოფელ ჭალადიდში პოლიციელის მკვლელობაზე?

"ალბათ, პაპუნა ურჩევდა, რომ არ დაელია და ეს არ აპატია... ეს მოფიქრებული მკვლელობაა" - რას ჰყვებიან სოფელ ჭალადიდში პოლიციელის მკვლელობაზე?

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში გუშინ მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს და ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ, მკვლელობის მომენტში ბრალდებული სამართალდამცველი სავარაუდოდ, ნასვამი იყო, რაც დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. პოლიციელი, რომელიც მისმა კოლეგამ დაახლოებით 12 გასროლით მოკლა, 25 წლის განმავლობაში პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში მუშაობდა. ბრალდებულმა პოლიციელმა კი ჭალადიდის სამმართველოში საქმიანობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

"მკვლელი სამსახურიდან ოთხჯერ იყო გათავისუფლებული. დალევა უყვარდა და ეს მთელმა სოფელმა იცის. ალბათ, პაპუნა ლოლუა ასწავლიდა, ურჩევდა, რომ არ დაელია, ან ეუბნებოდა წადი სახლში და ეს არ აპატია. ეს მოფიქრებული მკვლელობაა, განყოფილებიდან წავიდა და მერე უკან დაბრუნდა. რაღაც ახალი იარაღიდან მოახდინა გასროლა, როგორც ვიცით, ნასვამი იყო", - აცხადებს მოკლული პოლიციელის ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, გუშინ სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. სამართალდამცველს სამმართველოს შენობაში კოლეგამ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა. პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.