ავტორი:

"სააკაშვილმა მიიღო ფაფები, ასევე ნატურალური წვენები... ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები" - იუსტიციის მინისტრი

"სააკაშვილმა მიიღო ფაფები, ასევე ნატურალური წვენები... ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები" - იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

როგორც ბრეგაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, სააკაშვილი იღებს სხვადასხვა სახის ფაფებს, რაც აღარ არის სამედიცინო დანიშნულება და წარმოადგენს საკვებს.

"მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შემოსვლისას როდესაც მიიღო საბანკო ბარათი, ორი დღის თავზე შეიძინა გარკვეული პროდუქტები. შემდგომში განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე, გავიდა გარკვეული პერიოდი, ისევ დათანხმდა და საკუთარი სურვილი მიიღო როგორც ფაფები, ასევე ნატურალური წვენები. ასევე აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა. თითოეულ ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები, ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს.

ეს არის საკვები, აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც იღებს პატიმარი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და ექიმებთან გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ეს ხალხი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებაში და ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. გარდა სააკაშვილისა, ამ დაწესებულებაში არიან სხვა პატიმრებიც და მათ ჰყავთ ოჯახის წევრები, რომლებიც განიცდიან ამ ინფორმაციას. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა ადვოკატებმა. შემიძლია ექიმებთან გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გითხრათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ნორმის ფარგლებში", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.