"ეს არის პარლამენტარის მანდატის ძალიან დაკნინებითი ფორმით გამოყენება - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტის შენობაში შიმშილობის დაწყებას. ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, ის როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხოშტარიას მდგომარეობით დაინტერესდა, პარლამენტის აპარატი მუდმივ კონტაქტზეა და საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადო ყურადღებას მიაქცევენ.
"ელენე ხოშტარიას ერთი წელია დეპუტატის მანდატი აქვს და პარლამენტში ერთი დღე არ ყოფილა. კომიტეტის არც ერთ სხდომას და არც ერთ სესიას არ დასწრებია. ახლა მოვიდა და პარლამენტის წევრის მანდატი გამოიყენა იმაში, რომ შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობას ვუსურვებ! ნუ გვგონია, რომ შიმშილობა ყოველთვის კონკრეტული შედეგით მთავრდება. თუ შიმშილობების ისტორიას გადავხედავთ, შიმშილობა როგორც წესი, თავის შედეგს არ აღწევს ხოლმე. საქართველოში შიმშილობის აქტი მრავლად ყოფილა - ეს არის პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების და ყურადღების მიპყრობის აქტი. ამას ვხედავთ, ვიღებთ - არც ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჰუმანიტარულ დონეზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანის უფლება და ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყოფილი იყოს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთელი დღის წესრიგი არის დესტრუქციული.
"მიხეილ სააკაშვილის ქმედებები ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს ძალიან ბევრი მიმართულებით ფატალური აღმოჩნდა საქართველოსთვის. ამ ხელწერას ახლაც არ იშლის", - დასძინა ირაკლი ქადაგიშვილმა.