"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებას აპირებს. მანვე ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ. "ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად", - აღნიშნა ხაზარაძემ.
მალევე ხაზრაძემ "ფეისბუქში" დაწერა, რომ მას წალენჯიხაში თემურ ჭყონიაც მიჰყვება. იხილეთ
ამ ინიციატივას "ფეისბუქშივე" ეხმიანება ექსპერტი გია ხუხაშვილი.
"ძალიან მახარებს ხაზარაძის და ჭყონიას სურვილი წალენჯიხასგან შექმნან გარკვეული მოდელი, თუ როგორ და რა სახით შეიძლება განვითარდეს მთელი ქვეყანა და აი რატომ:
1. გამოჩნდება, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ორივე ძირითადი სიკეთის მოპოვება ყველასთვის - კეთილდღეობის და თავისუფლების.
2. ხელისუფლება იძულებული გახდება ფეხი აუწყოს განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრასტი პოლიტიკური კრახით დასრულდება პირველივე არჩევნებზე.
3. შეიქმნება საჩხერის ალტერნატული მოდელი. გამოჩნდება, რომ მოქალაქისთვის თევზის მიწოდებას ანკესის მიწოდება ჯობია, რადგან მუდმივად სხვისი ხელის შემყურე მუცელს ივსებ, მაგრამ კარგავ ღირსებას", - წერს ხუხაშვილი.