ავტორი:

ის ძველებურად დადგა შტურვალთან, ოკეანეში გაცურა და სამუდამოდ გაქრა... - ნორვეგიელი მარტოხელა ზღვის მგელი: შორეული ნაოსნობა, ბრძოლა ბირთვული ომის წინააღმდეგ, ტყვეობა...

ის ძველებურად დადგა შტურვალთან, ოკეანეში გაცურა და სამუდამოდ გაქრა... - ნორვეგიელი მარტოხელა ზღვის მგელი: შორეული ნაოსნობა, ბრძოლა ბირთვული ომის წინააღმდეგ, ტყვეობა...

1885 წლის 14 ოქტომბერს, ნორვეგიის პატარა კუნძულ ჰასელოუზე, სმედსვიკების დიდ ოჯახში პატარა ანდერს ჯენიუსი, მომავალი მეამბოხე დაიბადა.

მამამისი ჯეიკობი გამოცდილი მეზღვაური იყო, რომელმაც კაპიტნის წოდებამდე მიაღწია. დედის მხრიდან ბაბუაც მეზღვაურობდა. უნდა ითქვას, ახალდაბადებულს გენით მოსდგამდა ოკეანეებში ცურვის დაუოკებელი სურვილი. ბიჭუნას ბავშვობა თითქმის არ ჰქონია. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, დედა კი თითქმის ყოველ წელს ბავშვებს აჩენდა, რომელთა უმეტესობა ადრეულ ასაკში კვდებოდა. როცა სმედსვიკი 5 წლის იყო, დედაც გარდაეცვალა. 13 წლის ნორვეგიელი დამოუკიდებლად გაემგზავრა გერმანულ ჰამბურგში და იალქნიან ნავ "მორნაზე“ მოეწყო. გუნდმა ანდერსი დაბალ ღობედ მიიჩნია - ყველაზე ბინძური სამუშაო ჩააბარეს, ხოლო მცირე შეცდომაზე კი სცემდნენ. რთული 2 წლის შემდეგ, სმედსვიკმა 100 ნორვეგიული კრონა გამოიმუშავა. ბედნიერ ბიჭუნას სახლში დაბრუნება სოლიდურ ტანსაცმელში გამოწყობილს სურდა, ამიტომ ბრემერჰაფენში გაემგზავრა და 33 კრონა პიჯაკში დახარჯა...

ორ კვირაში ბიჭუნა ისევ ზღვაში გავიდა. ამჯერად ორთქლმავალ "სიეგენზე“ დაიწყო მუშაობა. თუმცა, საინტერესოა, რომ ახალგაზრდის წინაშე მთელი თანამედროვე ისტორია ვითარდებოდა, რომლის ეპიცენტრშიც თავად აღმოჩნდა. როცა სმედსვიკის გემს ნახშირი ქალაქ კილიდან მიჰქონდა, მან ნიკოლოზ II-ისა და ედუარდ VII-ის იახტები შენიშნა. კანარის კუნძულებთან კი აფრებჩამოშვებული ამერიკული გემი - ეკიპაჟი მოკლულ პრეზიდენტს უილიამ მაკ-კინლის გლოვობდა.

მომდევნო 5 წელიწადი ბიჭუნა სხვადასხვა გემებზე მუშაობდა და ძირითადად ალჟირისა და ინდოეთის სანაპიროებთან ახლოს დაცურავდა, სწავლობდა კუებზე ნადირობასა და ზღვის მეცნიერებას. 20 წლის ასაკში სმედსვიკმა მეთაურის დამხმარის გამოცდა ჩააბარა და კარიერის "შენებაც“ მაშინ დაიწყო: იალქნიან გემ "ნორდენზე“ მან კაპიტნის მეორე დამხმარედ დაიწყო მუშაობა.

მეზღვაურობა კი სურდა, თუმცა იმასაც ხედავდა, თუ როგორ ექცეოდნენ მათ - ხელფასს დროულად არ უხდიდნენ, გაფუჭებულ საჭმელს აჭმევდნენ და ა.შ.. ერთ-ერთი ცურვისას, გემი შტორმში მოყვა, ახალგაზრდა ნორვეგიელმა, უსამართლობის აღმოფხვრის მიზნით, ამბოხი მოაწყო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

ზუსტად იმ პერიოდში, 1905 წელს, აღმოაჩინა, რომ მისი შეხედულებები ახლოს იყო სოციალისტურ და და კომუნისტურ იდეებთან. მას ანცვიფრებდა გემთმფლობელების მონური დამოკიდებულება ეკიპაჟის რიგითი წევრების მიმართ. მომდევნო წლებში ანდერსის ცხოვრების დეტალებზე ბევრი არაფერი მოიპოვება. ცნობილია, რომ 1910-დან 1920-მდე ის აშშ-ს შტატ ორეგონში ცხოვრობდა, სადაც რამდენჯერმე გამოიცვალა სამსახური: ის იყო მეცხვარე, კოვბოი, მუშაობდა რკინიგზაზეც და რა თქმა უნდა, დროდადრო წყალშიც გადიოდა.

ნორვეგიელმა შვილებს მოუყვა, რომ "ტიტანიკის“ ბორტზე, კაპიტნის სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, თუმცა, საბედნიეროდ, მეზღვაურს ჩაეძინა და ვერ მიუსწრო მატარებელს, რომელიც საუთჰემპტონში მიდიოდა, საიდანაც "ტიტანიკი" პირველ და უკანასკნელ რეისში გაემგზავრა.

ამერიკაში ცხოვრების პერიოდში სმედსვიკმა ცოლი მოიყვანა. გოგონა, სახელად ნელლი, საკმაოდ ყოჩაღი და გონიერი აღმოჩნდა - ის ფერმაში მუშაობდა, შაშვებზე ნადირობის იშვიათი ოსტატი იყო, იცოდა 5 ენა, ვირტუოზულად უკრავდა ფორტეპიანოზე და ადგილობრივ კოლეჯში ბაკალავრის ხარისხის აღებაც მოესწრო. ანდერსის საქმიანობის გამო, ნელლის მსუბუქი ცხოვრება არასდროს ჰქონია. პირველი მსოფლიო ომის დროს, მან გაზეთებიდან შეიტყო, რომ ქმრის გემი ინდოეთის სანაპიროსთან ჩაიძირა. რა თქმა უნდა, ეს ტყუილი იყო, თუმცა ცოლმა სიმართლე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, როცა ქმარი მას პირადად დაუკავშირდა.

მოგვიანებით, სმედსვიკი იხსენებდა, რომ როდესაც ნელი მის დასახვედრად სადგურზე დაინახა, გაოგნდა, ის გაცოცხლებულ ჩონჩხს ჰგავდა. ქალმა მტკიცედ განუცხადა, რომ ანდერსს, სადაც მოესურვება იქ შეეძლება მოგზაურობა, მხოლოდ იმ პირობით, რომ მასაც თან გაიყოლებდა. ნორვეგიელმა მისი პირობა შეასრულა. არცერთ მოგზაურობისას ნელლი ცუდად არ გამხდარა და უსაშინლესი შტორმის დროს კი, წარბიც კი არ შეუხრია.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სმედსვიკი დააწინაურეს და კაპიტანი გახდა, ყოველთვიური გასამრჯელო კი 600 დოლარი ჰქონდა. იმ წლებში ანდერსი მსოფლიოში რამდენიმე ყველაზე დიდ იალქნიან გემებს ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთი კი "ლაპლანდიის ვარსკვლავი“ იყო. კაპიტნის წოდებამ სხვა დამატებითი ბენეფიტებიც მოუტანა: მოგზაურობის დროს ის საუკეთესო სასტუმროებში ცხოვრობდა, სარგებლობდა პრივილეგიებით და საკუთარ თავს არაფერში ზღუდავდა. როცა სმედსვიკი თეთრს სახლში ექსკურსიაზე იყო, მას პრეზიდენტ უორენ გარდინტთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა კაპიტანმა უარი განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ერთხელ, ქუჩაში დაინახა პოლიტიკოსი და ვერ მოიხიბლა... როგორც თავად თქვა, - მესამეხარისხოვან ადვოკატს უფრო ჰგავდა, ვიდრე პრეზიდენტსო.

"ლაპლანდიის ვარსკვლავი“

დროთა განმავლობაში მეზღვაურსა და მის მეუღლეს 3 შვილი შეეძინათ. 1923 წელს ოჯახი სმერდვიკის მშობლიურ ნორვეგიაში გადაბარგდა და ფერმა გააკეთეს. მშვიდად და ბედნიერად ცხოვრებდნენ, ზრდიდნენ ბავშვებს, აფართოებდნენ ფერმას და პერიოდულად გადიოდნენ ზღვაში. თუმცა მათი იდილია დიდხანს არ გრძელდება - დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ნელლის კი სიმსივნე აღმოაჩნდა.

1944 წლის სექტემბერში სმედსვიკი კომუნისტური შეხედულებების გამო დააპატიმრეს და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ნელლი ავადმყოფობის გამო უკვე ძალიან სუსტად იყო, მაინც შეძლო ქმართან გამგზავრება და მისი მონახულება. სიცოცხლის ბოლო დღემდე ის ქმრის ერთგული დარჩა. "ნელლი იყო ყველაზე გასაოცარი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში შევხვედრილვარ“, - აღიარა მოგვიანებით ანდერსმა.

სამწუხაროა, რომ ნორვეგიელმა ცოლთან გამომშვიდობება ვერ მოასწრო. როცა ის გარდაიცვალა, მეზღვაური კვლავ ტყვედ იყო. მის ცხოვრებაში სხვა ქალი აღარასდროს გამოჩენილა. როცა ომი დასრულდა და საკონცენტრაციო ბანაკიდან სმედსვიკი გათავისუფლდა, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, გაყიდა სახლი, რომელშიც ცოლთან ერთად ცხოვრობდა და თავისთვის პატარა ქოხი აიშენა.

  • ცხოვრება ნელლის გარეშე

კომუნისტური შეხედულებებისა და დიდი ავტორიტეტის გამო, ანდერსს კაპიტნის კარიერის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.1960-იან წლებში რამდენიმე ვაკანტურ პოზიციაზე განცხადებები დაგზავნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის დასაქმებულების "შავ სიაში“ შეეყვანათ. სხვათა შორის, 1957 წელს ანდერსმა კომუნისტური პარტიის რიგები პროტესტის ნიშნად დატოვა. მეზღვაური გაოგნებული იყო წითელი ლიდერების საქციელით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში პროტესტანტებს უსასტიკესად სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, ის ბოლომდე კომუნისტური იდეების ერთგულ და პაციფისტ ადამიანად დარჩა.

ტყვეობიდან დაბრუნებულმა ქოხთან ერთად, ფერმა ააშენა, დაიწყო ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა, მოამრავლა ძროხები. სოფელში რძის მთავარი მომმარაგებელი გახდა. გარდა ამისა, ნორვეგიელი მეზღვაური ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიისთვის სიდრს ამზადებდა. ასევე, პირველი იყო, ვინც სოფელში ელექტრობა შეიყვანა. მამაკაცი ყოველდღიურად ბოსტნეულითა და ფორთოხლით იკვებებოდა და ყოველ დილით ვარჯიშობდა. 70 წლის ასაკშიც კი ახალგაზრდად გამოიყურებოდა და გარშემომყოფები 50 წელს აძლევდნენ. ამბობდნენ, რომ ასაკის მიუხედავად, ერთი ფინჯანი ყავის დასალევად 8 - კილომეტრიანი აღმართების გავლა შეეძლო. პროდუქტების შესაძენად კი 56 კილომეტრიან გზას ფეხით გადიოდა. ადგილობრივი სულიერი ლიდერი ყვებოდა, რომ მეზღვაური ძალიან ერიდებოდა ალკოჰოლს. მისი თქმით, როდესაც ნორვეგიელი აშშ-ში კოვბოი იყო და რკინიგზაზე მუშაობდა, ჯეკ ლონდონი გაუცნია და ხედავდა, როგორ ნელა კლავდა ალკოჰოლი ნიჭიერ მწერალს.

ხანში შესული კაცი სპარტანულ პირობებში ცხოვრობდა. მისი სახლი 20 კვადრატული მეტრის იყო. ოთახი, სადაც მარტოხელა ნორვეგიელს ეძინა, მისთვის წარმოადგენდა მისაღებ ოთახსაც, სამზარეულოსაც და კაბინეტსაც. ქოხში ასევე ჰქონდა ტელეფონი, რომლის მეშვეობით ჩინოსნებს უკავშირდებოდა და მცირე პენსიაზე ეჩხუბებოდა. ასევე, ჰქონდა საბეჭდი მანქანა და ადგილობრივი გაზეთისთვის სტატიებს წერდა. თავისუფალ დროს კი გიჟდებოდა კითხვაზე. მთელი სივრცე გავსებული ჰქონდა წიგნებითა და გაზეთებით, მათ შორის იყო კარლ მარქსის შრომებიც.

  • ბრძოლა მშვიდობისთვის

1963 წელს სმედსვიკმა ცნობილი ქიმიკოსის ლაინუს პოლინგის სიტყვა მოისმინა, რომელიც ბირთვული იარაღის ცდების აკრძალვას ითხოვდა. ნორვეგიელი მისი სიტყვებით იმდენად შთაგონდა, რომ გადაწყვიტა მსოფლიოში მშვიდობის დასასადგურებლად რაიმე მასშტაბური გაეკეთებინა. ანდერსმა ზუსტად მაშინ გადაწყვიტა დედამიწის გარშემო ემოგზაურა. პენსიონერმა 11- მეტრიანი იალქნიანი ნავის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც ძრავი არ ექნებოდა. ტრანსპორტს საკუთარი ნახაზებით აშენებდა. იალქანზე კი პაციფიზმის მშვიდობიანი სიმბოლო მოხატა.

5 წლის შემდეგ ქმნილება მზად იყო, სახელად კი "ავა ჰელენ პოლინგი“ შეარქვა. ნორვეგიელებს ჟურნალისტმა განუცხადა, რომ მისი ცურვა - ფრანგული ბირთვული რაკეტების ცდების საწინააღმდეგო პროტესტია. თუმცა ადგილობრივები სხვა ვერსიებსაც ასახელებდნენ. ვიღაც ამბობდა, რომ სმედსვიკი კუბაზე გამგზავრებისა და ფიდელ კასტროს ნახვის იდეით იყო შეპყრობილი. ნაწილი ამტკიცებდა, რომ თანასოფლელი ვიეტნამში მიდიოდა, რათა ამერიკული თავდასხმისგან ქვეყანა გადაერჩინა. 1972 წლის 30 ივნისს 86 წლის კაპიტანი სამოგზაუოდ ზღვაში გავიდა. ნავზე ერთი რადიომიმღები დაიდგა, რისი მეშვეობითაც მედიას დაეკონტაქტებოდა. გაცურვიდან 6 დღის შემდეგ მეზღვაურის შესახებ არაფერი ისმოდა, ხოლო დანიშნულების ადგილზე არ გამოცხადდა. ამინდიც მკვეთრად გაუარესდა. 10 დღის შემდეგ, მზე გამოჩნდა და ღრუბლები მიმოფანტა, თუმცა ანდერსი კვლავ არსად ჩანდა. მისი ძებნაში საფრანგეთისა და ბრიტანეთის სანაპირო დაცვა ჩაერთო, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში აქტიურ სამძებრო-სამუშაოებს აწარმოებდა, თუმცა მისი კვალი არსად ჩანდა.

ადგილობრივები და მისი გულშემატკივრები იმედს არ კარგავდნენ. მათ იცოდნენ, რომ გამოცდილი მეზღვაური ბევრად მკაცრ პირობებში გადარჩენილა: იმოგზაურა ტასმანიაში, გადაურჩა ამბოხს ატლანტის ოკეანეში, დეზერტირობდა მავრიკში, გადაიტანა უზარმაზარი შტორმები და გადარჩენილა გემების განადგურების შემდეგაც.

1972 წლის 16 ივლისს კუნძულ ტერსჰელინგის შუქურის მაყურებელმა მისგან სამხრეთით პატარა ნავი შენიშნა. თუმცა სამძებრო-სამაშველო სამსახურს მხოლოდ მეორე დღეს დაუკავშირდა, როცა დარწმუნდა, რომ ბორტზე მეორე დღეა, რაც ადამიანი არ გამოჩენილა. მაშველები როდესაც ახლოს მიცურდნენ, დაინახეს, რომ იალქანზე მშვიდობის სიმბოლო იყო გამოსახული, ხოლო გვერდზე კი ქალის სახელი ეწერა. ბორტზე სველი ანდერსი აღმოაჩინეს, რომელიც უგონოდ იყო. გონზე მოსვლის შემდეგ, მან მოყვა, რომ შტორმში მოჰყვა, ქარმა იალქანი გახია და სიჩქარე დააკარგინა.

ჟუნრალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა მეზღვაური ცურვის გაგრძელებას, მან უპასუხა: "ეჭვიც არ შეგეპაროთ".

და მართლაც, ანდერსმა ახალი ენთუზიაზმით დაიწყო ნავის შეკეთება. მას სურდა საფრანგეთში გამგზავრება და პროტესტის გამოხატვა. თუმცა ნორვეგიის დიპლომატთა საზოგადოება არ ემხრობოდა მეზღვაურის გადაწყვეტილებას და არ სურდათ მისი პროტესტის გაგრძელება. ვიდრე სმედსვიკი თავის ნავს არემონტებდა, წნეხი იზრდებოდა და საბოლოოდ შეძლეს მისი დარწმუნება, რომ ოცნებაზე უარი ეთქვა.

ანდერსი ნორვეგიაში დაბრუნდა და ავტობიოგრაფიის წერა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს მესამე ცდა იყო. მისი პირველი ხელნაწერის ეგზემპლარი დაიკარგა, როცა ომის შემდეგ სახლი გაყიდა, მეორე კი - მატარებელში მოჰპარეს.

1974 წელს მეზღვაურს 88 წელი შეუსრულდა. იმ დროისთვის ავტობიოგრაფია თითქმის დასრულებული ჰქონდა და როგორც ადგილობრივი გაზეთი წერდა, გამომცემლობაც კი ნახეს, რომლებიც ხელნაწერის დასაბეჭდად მზად იყვნენ. იმ წლის აპრილი გვალვიანი და მშრალი გამოდგა, სმედსვიკის ქოხი კი ხით იყო აშენებული. ოთახში შეშის ღუმელი ედგა. ერთ-ერთ კედელს ცეცხლი წაეკიდა და ქოხი სულ დაეწვა... დაიწვა ასევე ყველაზე ძვირფასიც - ავტობიოგრაფიაც...

ხანძრის შემდეგ სმედსვიკი შვილიშვილთან - ჯენი ლოფსბერგთან გადავიდა საცხოვრებლად. ერთ ზაფხულის დილას, შვილიშვილმა აღმოაჩინა, რომ ბაბუა ისე გაქრა, რომ მას არ დაემშვიდობა. დედამ კი აუხსნა, რომ ჯიუტი ნათესავი ნიდერლანდში გაემგზავრა. სმედსვიკის მეზობელი, ვალდიმარ სკოლანდი, ყვებოდა, უკანასკნელ გამგაზვრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთად სეირნობის დროს გასვენების პროცეს შეესწრნენ. მეზღვაურს უთქვამს,- არ მინდა ასე დავასრულო!. შემდეგ კი ხმამაღლა გაუცინია...

"ავე ჰელენ პოლინგი“

როცა სმედსვიკმა ტერსჰელინგამდე მიღწია, უკვე ძალიან დასუსტებული იყო. ზღვის მგელი, რომელიც ვერ გატეხეს ქარბუქებმა თუ შტორმებმა, დაამარცხდა ხანძართან და ბიუროკრატიასთან. მისი ნავი "ავე ჰელენ პოლინგი“ ბოლო ვოიაჟიდან მოყოლებული კვლავ ტერსჰელინგის პორტში იდგა. თუმცა ძველებურად არ მისცეს უფლება, რომ ზღვაში გასულიყო. მთავრობის წარმომადგენლებმა ის ადგილობრივ სასტუმროში გაგზავნეს. სასტუმროს მეპატრონის თქმით, მოხუცს საოცრად ჰქონდა შენარჩუნებული აზროვნების უნარი, მაგრამ ძალიან ბრაზობდა, რომ არ უშვებდნენ გასაცურად.

1974 წლის 29 აგვისტოს, ღამით ძლიერი ქარი ამოვარდა. ამინდი უკიდურესად გაფუჭდა, ნორვეგიელი ჩინოსნები და პორტის პატრული უდარდელ ძილში იყვნენ, ამიტომაც ვერავინ შენიშნა, როგორ დატოვა პორტი უძრავო ნავმა. კუნძულის მაცხოვრებლები დღემდე ვერ იჯერებენ, როგორ გაიპარა ანდერსი ზღვაში. მისი არაჩვეულებრივი ცხოვრების ფინალი სამუდამოდ დარჩა გამოცანად. ცნობილია მხოლოდ ერთი: იმ შტორმიან ღამეს, ანდერს სმედსვიკი ძველებურად დადგა "ავე ჰელენ პოლინგის“ შტურვალთან, ღია ოკეანეში გაცურა და სამუდამოდ გაქრა.

არც მეზღვაური და არც მისი ნავი აღარავის უნახავს...

ავტორი: ანრი კურტანიძე