ცნობილი პიანისტი ელისო ბოქლვაძე, რომელიც ახლა პარლამენტში დეპუტატის სავარძელში აგრძელებს კარიერას ჟურნალისტების ოჯახში დაიბადა. დედა ნანა დარჩია-ბოლქვაძე ჟურნალ "საუნჯის" რედაქტორი გახლდათ, მამა ზაურ ბოლქვაძე, სატირული ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი. ელისო წყვილის ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ მშობლებისგან ყურადღება არ აკლდა. 2 წლის იყო, როდესაც მუსიკალური ნიჭი აღმოუჩინეს და როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ამ ასაკშიც კი ტაში და ოვაცია არ აკლდა. ფორტეპიანოს შესწავლა რომ დაიწყო სულ რაღაც სამწლინახევრის იყო. 7 წლის ასაკში კი პირველი სოლო კონცერტი ჰქონდა. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი მუსიკალური წარმატებები კარიერის გზაზე...
90-იან წლებში, როდესაც სერიოზული კარიერის დასაწყებად ამერიკაში უნდა წასულიყო, თბილისში ომი დაიწყო. გადაწყვეტილება შეცვალა და პარიზში მარგარიტა ლონგის საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრა. კონკურსზე ცნობილი მუსიკოსი მიშელ სონი, ელისოს ნიჭით აღფრთოვანდა და ავსტრიაში თავის სასწავლებელში მიიწვია. პარიზი მაინც საყვარელ ქალაქად დარჩა და მუსიკოსი სამი წლის შემდეგ უკან, ბედნიერების ქალაქში დაბრუნდა.
"საფრანგეთში ცხოვრება ძალიან მომწონს. მგონია, რომ პარიზი ყველას ქალაქია. ის საოცარია, დაუსრულებლად შეიძლება მისი აღმოჩენა. ისეთი მაგნიტური ველი აქვს, გგონია, მთელი მსოფლიო იქ არის. ელისეს მინდვრებზე რომ გავდივარ, ვფიქრობ, რა ბედნიერებაა ცხოვრება. შეგიძლია უზომოდ იარო ფეხით. თუმცა სამეცადინოდ ძალიან ცუდი ქალაქია – სულ გასვლაზე გიჭირავს თვალი.
ყოველთვის ეჩვევი რაღაცებს. პარიზი კი საოცარია, ყველა გასვლაზე თავიდან იწყებ მის გაცნობას. ყველაზე მეტად აქ პატარა, ძველი ქუჩები მოსწონს, ლათინურ კვარტალსა და ძველ უბნებში, რომლებიც ფეხით არის გასავლელი და არ თავდება. უკვირს, ფრანგებმა ამდენი ლამაზი სახლი როგორ ააშენეს და მერე მათი შენარჩუნება მოახერხეს..." - ამბობდა წლების წინ "ტაბულასთან" ინტერვიუში.
წლების მანძილზე ელისო ბოლქვაძე მაღალანაზღაურებად პიანისტად ითვლებოდა, ჰქონდა ძალიან სერიოზული კონტრაქტები, რაც აძლევდა იმის საშუალებას, რომ უზრუნველად ეცხოვრა.
"მე არ ვარ პიანისტი, რომელსაც უყვარს წოწიალი. მე ეს არც მჭირდება. მე მაქვს ძალიან სერიოზული კონტრაქტები და ეს შემოსავალი მყოფნის იმისთვის, რომ უზრუნველად ვიცხოვრო. არ მინდა, რომ გამოვიფიტო, დავიღალო. მე არ ვარ ფანატიკოსი პიანისტი, რომელიც დღედაღამ ზის და უკრავს და უკრავს. მე მინდა სხვა რამეც ვაკეთო, თუნდაც საქველმოქმედო საქმიანობით დავკავდე..." - ამბობდა პიანისტი 2014 წელს ჟურნალ "ფორბსთან“ ინტერვიუში.
მუსიკოსის პირად ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი, იმის გარდა, რომ დაოჯახებული არ არის. მისი საყვარელი საქმიანობა მუსიკის გარდა კინოში სიარული და ფეხით სეირნობაა. თავისუფლებაზე შეყვარებულმა პიანისტმა პირად ცხოვრებაზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით ვერ აიღო.
"ძალიან მაქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ოჯახის შემთხვევაში სხვა პრიორიტეტები გიჩნდება და ვგრძნობ, რომ ამისთვის ჯერ არ ვარ მზად. მეტსაც გეტყვით, მე არ მეშინია მარტოდ დარჩენის. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი დარჩეს მარტო, როცა ის ცოცხალია, როგორ შეიძლება მოიწყინო მარტო ყოფნით, როცა იმდენი რამ არის გასაკეთებელი, იმდენი რამ ხდება შენ გარშემო" - თქვა 2011 წელი ჟურნალ "ტაბულასთან" ინტერვიუში ბოლქვაძემ.
რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ელისო ბოლქვაძემ საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა got married... სტატუსი მალევე წაშალა და მოგვიანებით ტელევიზიით ამ თემაზე განცხადების გაკეთებაც კი დასჭირდა, სადაც განმარტა, რომ პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ ათი წუთით დაპოსტილი სტატუსი დაოჯახების შესახებ შემთხვევითობა იყო.
"ძალიან სასაცილო თემაა ესა. მე ჩემს "ფეისბუქში“ შევედი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, შევედი “სეთინგებში”, მაინტერესებდა რაღაცები და შემთხვევით ეტყობა დამეჭირა ხელი რაღაცაზე და ეს იყო Got Married (დაქორწინდა), ეს იყო ზუსტად 10-15 წუთი. ამაზე მთელი თემა დაიწერა და მთელი გადაცემები მიეძღვნა, რომ თურმე ელისო ბოლქვაძე 10-15 წუთით, ან ნახევარი საათით დაქორწინდა და მერე აღარ დაქორწინდა. არ ვიცი, რა მოხდა მერე, მაგრამ ნახევარ საათში ეს ინფორმაცია აღარ იყო. იმდენმა დამირეკა და იმდენი "ესემესი" მივიღე, იმდენი გაოცებული ადამიანი მილოცავდა და რას მილოცავდა, ვერ მივხვდი კარგად. ვინ აღარ მომილოცა, ოღონდ რა.. მეგობრები, დეპუტატები, ყველა და რამე ხომ არ გამოგვრჩა" - წერდა ბოლქვაძე.
მეორე წელია რაც ცნობილი პიანისტი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია "ქართული ოცნების" პარტიული სიით. გასულ წელს გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიულ სიაში ბოლქვაძე 32-ე ნორმად წარადგინა.
ქონებრივი დეკლარაცია კი 2021 წლის 5 თებერვალს შეავსო. მისი ოჯახის ერთადერთი წევრი 84 წლის დედა ნადეჟდა ბოლქვაძეა, რომელიც დეკლარაციაში ჰყავს მითითებული. მამა გარდაცვლილი ჰყავს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ელისო ბლოქვაძის სახელზეა 2020 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 120კვ. მ ბინა თბილისში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ასევე მემკვიდრეობას წარმოადგენს 1811 კვ. მ მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში, რომელიც 2017 წელს გადაეცა. 2012 წელს კი, თავად შეიძინა 65 კვ. მ ბინა თბილისში, რაშიც 65 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსებისას, ელისო ბოლქვაძე ფლობდა: “ლიბერთი ბანკის ” სახელფასოზე – 18 477 ლარს, CREDIT AGRICOLE-ს მიმდინარეზე – 123,99 ევროს, ხოლო "ქართუ ბანკის" მიმდინარეზე – 8,64 ევროს. ელისო ბოლქვაძე არის ააიპ “ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი – ლირას” დირექტორი, სადაც 2020 წელს შემოსავლის სახით 27 562 ლარი მიიღო. ფონდის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე დამწყებ პიანისტებს ეხმარება. რამდენიმე კვირის წინ იმედზე გადაცემაში საუბრისას ასევე ცნობილ ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე ისაუბრა, რომელიც როგორც თავად თქვა მისი აღმოჩენაა.
"ჩემი პირველი აღმოჩენა იყო ხატია ბუნიათიშვილი. კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ მას მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა - პირადულიც და არაპირადულიც. არ მაქვს სურვილი მასთან ურთიერთობის. ეს იყო ის ბავშვი, რომელიც მე აღმოვაჩინე და იყო ათი წლის. მიშელ სონი, ჩემი მენტორი ჩამოვიყვანე საქართველოში და როდესაც მთელი თბილისის ქუჩებსა და უბნებში სიბნელე იყო, სწორედ მაშინ მივიყვანე ათწლედში მაესტრო და მაშინ მოუსმინა ბავშვებს და მათ შორის იყო ხატია და მისი და, რომელიც მან წაიყვანა ავსტრიაში და ჩემი ხელშეწყობით მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა. რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა შევძელი და რაღაც გამიკეთებია. მხოლოდ ხატია არ ყოფილა, ბევრი სხვაც იყო", - ამბობდა ელისო ბოლქვაძე.