"მოდით, გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა - მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა, - ასე მიმართა "გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "ქართული ოცნების“ წევრებს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ხელისუფლებაში, რომელიც დამოუკიდებლად იაზროვნებს, მით უფრო წარმატებული იქნება პარლამენტი.
"ქართული ოცნების“ წევრი არავის არ მიიჩნევდა მის თანასწორად და არასდროს არ შემოდიოდა თანასწორ საუბარში. ჩემი აზრით, ეს თუ ასე გაგრძელდა არაფერი არ გამოვა აქედან. ჩემი პარტიის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც არც მონები გვყავს და არც არავის მონად არ მიგვაჩნია თავი, ნებისმიერ თქვენთაგანს როგორც თანასწორს, ისე ველაპარაკებით. არც ზემოდან გიყურებთ და არც მოწყალებას გთხოვთ. მე არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ ამ სიტუაციას. შეიძლება, საკუთარი წარმატება გაძლევთ საშუალებას, რომ ვიღაცებს არათანასწორად ელაპარაკოთ, მაგრამ მე მგონი, ახლა არ არის ამის სიტუაცია.
მინდა, რომ როგორც მე გეპყრობით პატივისცემით და სერიოზულად გისმენთ, როდესაც რაღაც გაინტერესებთ, ზუსტად იგივე ხდებოდეს ჩვენს შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უფრო მდიდრები ხართ, უფრო მეტი წარმატება გინახავთ ცხოვრებაში, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ამ დარბაზში არავინ არ ეუბნება როდის შემოვიდეს, როდის გავიდეს, რას დააჭიროს ხელი, რა აზრი გამოთქვას და ეს არავისთან არასდროს არ თანხმდება, გარდა იმ ხალხისა, ვინც ამ აზრს უშუალოდ ამბობს.
მოდი, გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა და როცა მე დავინახავ იმას, რომ თქვენ მართლა დაგაინტერესათ რამემ, რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს, ჩემი აზრით, მაშინ იქნება ეს პარლამენტი. მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყველა ჩვენთანაგანს უნდა ჰქონდეს დასმული საკუთარ თავთან შეკითხვა - რა გვინდა, ერთი საკითხი მაინც, რომელიც ჩვენი გაკეთებული იყოს, რომელსაც შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ჩვენ ტყუილად არ ვმჯდარვართ, აი ამისთვის ვიბრძოდით. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ხელისუფლებაში, რომელიც დამოუკიდებლად იაზროვნებს ასე, მით უფრო წარმატებული იქნება ეს პარლამენტი“, - განაცხადა ხვიჩიამ.