ავტორი:

კრიპტოვალუტის ციებ-ცხელება მსოფლიოში: კოინები, როგორც ინდულგენცია, მიმები და ილონ მასკის ბლეფით ნაშოვნი ციფრული მილიარდები

კრიპტოვალუტის ციებ-ცხელება მსოფლიოში: კოინები, როგორც ინდულგენცია, მიმები და ილონ მასკის ბლეფით ნაშოვნი ციფრული მილიარდები

თუ ცხოვრებაში ისეთი შეცდომა დაგიშვიათ, რომელიც დღემდე არ გავიწყდებათ და მის გახსენებას შემდეგნაირად იწყებთ, - რამდენიმე წლის უკან რომ დამაბრუნო..., მაშინ ერთი ისტორიით დაგამშვიდებთ. 2010 წლის მაისში ამერიკელ ლასლო ჰანეჩს პიცის გამოწერა მოუნდა. საზრიანმა ლასლომ გადაწყვიტა ახალი ტექნოლოგიის დატესტვა, რომელიც აქამდე არავის გამოეყენებინა. მან 10 000 ცალი ბიტკოინით, რომელიც მაშინ დაახლოებით 40-50 დოლარის ექვივალენტი იყო, 2 პიცა გამოიწერა, თანაც დაიტრაბახა - ტექნოლოგიებს ფეხი უნდა აუბათო. იმ დღის შემდეგ ორი რამ შეიცვალა, ბიტკოინის კურსმა სწრაფი და სტაბილური ზრდა დაიწყო, ჰენეჩს პიცა შეზიზღდა, რადგან მისი 10 000 ბიტკოინი ახლა 600 000 000 დოლარზე მეტი იქნებოდა.

ლასლო ჰანეჩი

აზარტი, პანიკა, შიში, დიდძალი წაგება, მოგება - ეს გარემოებები ყველაზე კარგად ახასიათებს კრიპტოვალუტებით ფულის გამომუშავების მცდელობას. თითოეულ თქვენთაგანს ერთხელ მაინც ექნება გაგონილი ბიტკოინი და ეთერიუმი. დღითიდღე ეს სფერო უფრო და უფრო აქტუალური ხდება. თუ ადრე ოქროსა და ნავთობის მოპოვების ციებ-ცხელების ეპოქა იყო და მომპოველბლები მთელი დღეების განმავლობაში წერაქვითა და ბურღებით ცდილობდნენ "ნადავლის“ მოპოვებას, ახლა სმარტფონით ან კომპიუტერით, სასიამოვნო გარემოში, თანხის გამომუშავების არანაკლები შესაძლებლობა ჩნდება.

პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინი იყო. მის წარმატების შემყურე სხვა პროგრამისტებმა სცადეს მიახლოებული შედეგის გამეორება, ფუძედ ბიტკოინის კოდი აიღეს, მცირე ცვლილებები განახორციელეს და ახალი ანალოგიური პროდუქტი მიიღეს. ასე გაჩნდნენ ალტკოინები (ალერტნატიული კოინები). მოგვიანებით ალტკოინის შემქმნელებმა ახალი მიზნები დასახეს, ცდილობდნენ ტექნიკური შეზღუდვები გადაელახათ, რაც ბიტკოინის სისტემას უხვად აქვს.

ნაწილობრივ მათ ეს მოახერხეს. ამჟამად ნებისმიერი ალტკოინის მაინინგი, როგორც წესი, უფრო მარტივი და მოსახერხებელია. ტრანზაქციები ხორციელდება სწრაფად და ანონიმურობა უკეთესად არის უზრუნველყოფილი, ვიდრე ბიტკოინის შემთხვევაში. გარდა ამისა, ახალ კრიპტოვალუტებში დამატებითი ფუნქციებიც გაჩნდა. მაგალითად, ეთერიუმი დეცენტრალიზებული პროგრამებისა და სმარტ-კონტრაქტების საშუალებას იძლევა (როცა გადახდები ავტომატურად ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული პირობებით).

  • მიმები და მილიარდები

სანამ მყარი "გიგანტების“, როგორიცაა ბიტკოინის და ეთერიუმის ფასი იზრდებოდა, ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. მოთამაშეები, რომლებსაც არ ადარდებდათ ინოვაციური IT პროექტების განხორციელება. მათ მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზანი ჰქონდათ - სწრაფად გამდიდრება. ბაზრის ახალმა წევრებმა კრიპტოვალუტის გამოყენება არა ფულის, არამედ ვირტუალური აქციის სახით დაიწყეს. მათ განსხვავებულად დაინახეს შესაძლებლობა და მათი მომხარებელი. პირველ რიგში გათვლა გააკეთეს არა ფინანსურად განათლებულ ადამაინზე, არამედ უბრალო, ინტერნეტის მომხარებელზე. გამომდინარე აქედან ვალუტები დაუკავშირეს ყველაზე ცნობილ მიმებს და მათ "გმირებს“.

თუ მიმი-ტოკენები პოპულარულები ხდებიან და ფასში იზრდებიან, ძირითადად ეს დაკავშირებულია მხოლოდ რეკლამაზე ან ინფლუენსერის რჩევაზე. ასეთი პროექტები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. როგორც კი მონეტა ძვირდება, ინვესტორები ყიდიან და დიდ მოგებაში რჩებიან.

ყველაზე ცნობილი და მეტ-ნაკლებად მყარი მიმიური "მონეტა“ Dogecoin გახდა. ის 2013 წელს შიბა ინუს ცნობილი მიმის გამო შეიქმნა. თუმცა სუპერპოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ილონ მასკმა მასზე "ტვიტების“ წერა დაიწყო და მისი ფასი თითქმის 12 500%-ით გაიზარდა. მასკმა ერთ-ერთ "ტვიტში“ ისიც დაწერა, რომ მისი საყვარელი კრიპტოვალუტა დოჯი იყო.

ერთი შეხედვით ამ უწყინარმა "ტვიტებმა" ილონ მასკს მილიარდები აშოვნინა

იმისთვის რომ მიხვდეთ, რამდენად მარტივი და მომგებიანია ინფლუენსერისთვის კრიპტოვალუტით მანიპულირება ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 2021 წლის იანვარში დოჯი 0.008 დოლარი ღირდა, მასკის "ტვიტების“ შემდეგ ვალუტამ 8 მაისს 0.74 დოლარი შეადგინა. ანუ იანვარში 1000 დოლარით თქვენ მოგდიოდათ 125 000 ცალი Doge, ხოლო თუ ამ რაოდენობას გაყიდიდით მაისში, მიიღებდით 92 500 დოლარს. სხვა სიტყვებით, თქვენი 1000 დოლარი სულ რაღაც 4 თვეში გახდებოდა 92 500 დოლარი.

ახლა ყველაზე პოპულარული მიმ-ქოინი შიბა ინუა, რომლის ფასი 1 წლის პერიოდში 60 000 000 %-ით გაიზარდა. 2020 წლის ოქტომბერში ღირდა 0.0000000001 ახლა კი 0.000074 გახდა.

მიმურ ვალუტაში ფულის ჩადება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და აზარტულ თამაშს უფრო ჰგავს, ვიდრე ინვესტირებას. არანაირი ლოგიკა და კანონზომიერება არ არსებობს, რომ შევძლოთ მსგავსი კრიპტოვალუტების მომავლის განსაზღვრა. ისინი ხან მკვეთრად იზრდებიან, ხანაც - იმდენად უფასურდებიან, რომ არსებობას წყვეტენ.

  • კრიპტოვალუტა - გზა სამოთხისკენ

რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტებით რელიგიური სამყაროც დაინტერესდა. ზოგმა დაბალ ფასში იყიდა, ზოგმა "მაინინგი“ წამოიყო, თუმცა ნაწილი უფრო შორს წავიდა. გახსოვთ, ხომ ინდულგენციები? თუ კი შუა საუკუნეების ბოლო პერიოდში დაიბადებოდით, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯიღა დაგაკლდებოდათ მთლად წმინდანობამდე. გერმანულ-კათოლიკურმა ეკლესიამ შეიმუშავა ფასიანი ქაღალდები, რომლის ყიდვის შეთმხვევაში, თქვენ წარსულში ჩადენილი ცოდვებისგან თავისუფლდებოდით. შემდეგში თუ გააგრძელებდით შესყიდვას, მომავალში ჩადენილი ცოდვებიც კი მოგეტევებოდათ. ბოლოს, უკეთ რომ გასაღებულიყო, ინდულგენციების დიდი რაოდენობით შეძენისას თქვენ არა მარტო თქვენსას, არამედ ახლობლის ცოდვებს იხსნიდით და ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადაყვანის საშუალება გეძლეოდათ.

ჰოდა, ინდულგენციების მსგავსი სისტემის დანერგვა სცადეს 21-ე საუკუნეშიც. Jesus Coin-ის შემქნელები ირწმუნებოდნენ, ამ კრიპტოს შეძენით, თქვენ სამოთხეში ყიდულობდით ადგილს. არ კონკრეტდებოდა კვადრატული მეტრები შეგხვდებოდათ წილად თუ ჰექტერები, მაგრამ მთავარია სამოთხეში გარანტირებული ადგილი გექნებოდათ. თავდაპირველად ამ კოინზე მოთხოვნა იყო, ალბათ, შეშინდა მერკანტილური ხალხი, სამოთხეში ქირის ხდა არ მოგვიწიოს და ისევ ჩვენი მიწა ვიყიდოთ, სჯობიაო. თუმცა ეს კოინი ისე მალევე გაქრა, როგორც გამოჩნდა, ალბათ, იქ, ზემოთ, მიწა აღარ იყო გასაყიდი...

  • "სკამ-პროექტები"

ალტკოინების შემქმნელების ნაწილი მთლად კეთილსინდისიერებიც არ არიან. ქსელურ ბიზნესში სიტყვა "სკამი“ აღნიშნავს შემთხვევას, როცა გადასახადის გადახდას იგვიანებენ ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არ იხდიან. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "სკამს" უწოდებენ საინვესტიციო ჰაიპ-პროექტებსა და ფინანსურ პირამიდებს. ასეთი კომპანიები ინვესტორებიდან როგორც კი მიიღებენ საკმარის ფინანსურ სარგებელს, იხურებიან და ქრებიან. რა თქმა უნდა, გადასახადებს არ იხდიან.

ციფრული ფულის ინდუსტრიაში "სკამერები" იყენებენ სქემა - pump & dump, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ცრუ დაპირებებისა და აქტიური რეკლამის ხარჯზე, ხელოვნურად მოიზიდიოს მყიდველები და ინვესტორები, შემდეგ ფასის პიკზე გაყიდოს სრული რაოდენობა და გაქრეს. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში კრიპტოვალუტების რეგულაცია საკანონმდებლო დონეზე გაწერილი არ არის. გამომდინარე აქედან "სკამ-პროექტებს" ხშირად აქვთ წარმატება, რადგან გამოუცდელი ინვესტორები ადვილი გამდიდრების გზებს სწორედ ამ მეთოდში ხედავენ.

  • სპორტი ციფრულ ფულში

კრიპტოვალუტების მზარდმა პოპულარობამ ის ფინანსური და სულიერი სამყაროს ფარგლებს გარეთ გაიყვანა. მაგალითად, ფეხბურთის კლუბებმა ციფრული მონეტებში კლუბსა და გულშემატკივრებს შორის ზემოქმედების შესაძლებლობა დაინახეს. 2019 წლიდან მოყოლებული ცნობილი საფეხბურთო გუნდები საკუთარ ფან-ტოკენების გამოშვებას იწყებენ. მათ შორის არიან: "რომა“, "იუვენტუსი“, მადრიდის "ატლეტიკო“, კატალონიის "ბარსელონა“, "ვესტ ჰემი“, "მანჩესტერ სიტი“ და პსჟ.

ალტკოინების შეძენით, ფანებს გუნდის ცხოვრების მონაწილეობაში უნიკალური შანსი ეძლევათ, მაგალითად, რაღაც რაოდენობის შეძენაზე, მათ შეუძლიათ საკუთარი ვიდეო გაუშვან სტადიონის მონიტორზე ან შევდინენ კლუბის გამოსაცვლელში და ლაივ-ვიდეო ჩართონ.

2021 წელს კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ რეკორდული 2.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. სფეროს განვითარების მთავარი ლოკომოტივად კვლავ ბიტკოინი მიიჩნევაა, რომლის ბაზრის საერთო წილი 40%-ს შეადგენს. ა.წ. 20 ოქტომბერს ბიტკოინის კურსი რეკორდული 66.9 ათასი დოლარი იყო.

"მიმური“ ვალუტები განკუთვნილია მათთვის, ვინც მზადაა დიდი რისკი გაიღოს და მარტივი გამდიდრების გზა ეძიოს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წაგების შანსიც დიდია.

ნებისმიერ შემთხვევაში, კონკრეტული კრიპტოს ყიდვის დროს უნდა შეისწავლოთ მისი პერსპექტივები, დარწმუნდეთ გადაწყვეტის ინოვაციურობაში და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა შეძენა. ხშირად, გამოუცდელი ადამიანები, ასევე გამოუცდელ ინვესტორებს ენდობიან და მოგების ნაცვლად, ზარალში არიან. "მიმ-კოინის“ შეძენისას ხშირად მხოლოდ საკუთარი ინტუიცია ამართლებს და არა ჰაიპი.

ავტორი: ანრი კურტანიძე