რუსეთში "მიუ“ შტამით დაინფიცირების ერთი და "ლამბდა“ შტამით დაინფიცირების 3 შემთხვევა გამოვლინდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ "როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ვასილ აკიმკინმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც რუსეთში, ასევე მსოფლიოში კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტი კვლავ დომინანტურია.
"ლამბდა“ ვარიანტის პირველი შემთხვევა პერუში მიმდინარე წლის ივლისში გამოვლინდა. იაპონიაში ჩატარებული ერთ-ერთი წინასწარი ლაბორატორიული კვლევის თანახმად, "ლამბდა“ ვარიანტში სპეციფიკურმა მუტაციებმა მას შეიძლება საშუალება მისცეს, უფრო გადამდები და ვაქცინების მიმართ უფრო რეზისტენტული გახდეს, რაც შეეხება "მიუ“ ვარიანტს, ის პირველად კოლუმბიაში, მიმდინარე წლის იანვარში დააფიქსირეს.
ჯანმო-მ "მიუ“ იმ ვარიანტების სიაში შეიტანა, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, ინტერესს იწვევს და განაცხადა, რომ მას ყურადღებით აკვირდებიან.