აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ცესკომ გადაამოწმა ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე.
„გვინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთოთ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისი განცხადება გაავრცელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც. ამ პირს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ. ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზიანს აყენებს ადმინისტრაციის მიმართ სანდოობას“, - განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, ცესკოს სპიკერმა განმარტება გააკეთა ამომრჩეველთა ფოტოსურათებიან საჯარო სიაზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ხდება მანიპულაციის თემა.
„შეგახსენებთ, რომ ამ სიების გამოთხოვის უფლება საარჩევნო ადმინისტრაციიდან აქვთ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მათ სიები კანონმდებლობის დაცვით გადაეცემათ გამოთხოვის შემთხვევაში. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში ამ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა იოსელიანმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მედიაში გავრცელდა თამარ კორძაიას ცრუ ბრალდება, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.
"სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.
გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.
იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.
აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.