ერთი შეხედვით მკაცრია, მაგრამ მისი საქმიანი იმიჯის უკან ნამდვილად დგას ემოციებით სავსე ადამიანი, რომელსაც, საქმის პარალელურად, გამუდმებით უწევს ოჯახზე, მეგობრებზე, ახლობლებზე ფიქრი. თუმცა, საარჩევნო პერიოდში, ფიქრის გარდა, ბევრს ვერაფერს აკეთებს საყვარელი ადამიანებისთვის (ასე მიაჩნია თავად), რადგან საქმეს მიაქვს მთელი მისი ძვირფასი დრო.
ჟურნალმა "გზამ" ცესკოს თავმჯდომარესა და მის მეუღლესთან ინტერვიუ ჩაწერა.
გიორგი:
- ჩვენი გაცნობა საინტერესოდ მოხდა. სალომე ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, სადაც მეგობარს ვახლდი. თვალი მოვკარი და მომეწონა, მის ბეიჯზე სახელი, გვარი ამოვიკითხე და მეორე დღესვე დავიწყე ინფორმაციის მოგროვება. ბევრი ძებნის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიპოვე, მერე ბანკშიც დავრეკე და სალომესთან დაკავშირება მოვითხოვე. როცა დამალაპარაკეს, ვუთხარი, - მე ვარ-მეთქი. - ვინ შენო? - აი, გუშინ რომ მიყურებდი-მეთქი. - როდის გიყურებდიო? - გაუკვირდა. არადა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთის მზერა დავიჭირეთ (იღიმის). დაახლოებით 3 კვირა ვიწვალე, შეხვედრაზე რომ დამეთანხმებინა. მერე მისი გულის მოგებას 5-6 წელი დასჭირდა, თუმცა, ეს არ ხდებოდა აქტიურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ სალომე საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლობდა და როცა ჩამოდიოდა, მაშინ ვაქტიურობდი. თუმცა, ერთხელაც ურთიერთობის აქტიურ ფაზაში გადავედით, რაც დაოჯახებით დაგვირგვინდა და ამით ბედნიერი ვარ. დღეს ორი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს და თავიდან ბოლომდე ოჯახურ ფერხულში ვართ ჩართული, ბედნიერად ვცხოვრობთ და მადლობა უფალს ამისთვის.
სალომე:
- მართლა იწვალა, მაგრამ მერე მეც დავინტერესდი მისით; ისეთი დეტალები იცოდა ჩემს ცხოვრებაზე, რომ მივხვდი, ძალიან დავაინტერესე. შემდეგი 6 წლის მანძილზე პერიოდულად ვხვდებოდით, მაგრამ ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ გიორგი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და დაოჯახების გადაწყვეტილება მივიღეთ. დავქორწინდით, თან ისე, რომ სამსახურიდან შესვენებაზე გასულებმა დავიწერეთ ჯვარი, ხელის მოწერაც სპონტანურად მოვაგვარეთ.
- შესვენების დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჯვარი დაგეწერათ? ასე რატომ იჩქარეთ?
გიორგი:
- ამ კუთხით საინტერესოა ჩემი ოჯახის შექმნა და ბავშვების ამქვეყნად მოვლინებაც, რადგან ყველაფერი უკავშირდებოდა ქვეყანაში არჩევნების პერიოდს: მეუღლე საარჩევნო პერიოდში შევირთე, ორივე ბავშვიც საარჩევნო ალიაქოთისას გაჩნდა... ცესკოს თავმჯდომარეობამდეც იმდენად დატვირთული გრაფიკი მქონდა, რომ პირადი ცხოვრებისთვის ბევრი დრო არ მრჩებოდა. როგორც იცით, 13 წელია ადმინისტრაციაში ვმუშაობ და საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჯვრისწერასაც და ხელის მოწერასაც სამუშაო დღეს, შესვენების დროს თუ მოვახერხებდით ან ეს ამბავი გარკვეული დროის შემდეგ უნდა დაგვეგეგმა.
სალომე:
- ოჯახთან ერთად ვისხედით და ქორწილის თარიღს ვგეგმავდით. ვინაიდან მარხვა იწყებოდა, მანამდე ქორწინებას ვერ მოვასწრებდით, ვიხუმრეთ, - რა არის ამხელა პერიოდი, რა მოიცდისო და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ერთ-ერთი შესვენების დროს ჯვრის დასაწერად წავსულიყავით... საქორწინო მოგზაურობა რასაც ჰქვია, არ გვქონია. თუმცა, ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და ახლა უკვე ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ ერთად წასვლა.
გიორგი
- საარჩევნო ადმინისტრაცია ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობს. ამის გამო, ხშირად სპონტანურად გვიწევს რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, რამდენჯერმე გვქონდა შემთხვევა, როცა გვითქვამს, მოდი ხვალ გავფრინდეთ ან წავიდეთ რომელიმე რეგიონში დასასვენებლად 3-4 დღითო და ასეც მოვქცეულვართ.
- რამდენად საინტერესოა ასეთი ცხოვრება?
- სპონტანურობას მძაფრი ემოციები ახლავს და ცხადია, გაცილებით საინტერესოს ხდის ეს ურთიერთობას.
სალომე:
- ორივე მეოჯახე ვართ და დროის ერთად გატარებაც გვიყვარს. ძალზე სტუმართმოყვარეებიც ვართ, როგორც ქართველების უმეტესობა და ხშირად ვაწყობთ ჩვენს ოჯახში შეკრებებს.
გიორგი:
- არჩევნების პერიოდში ჩემი გამოთიშვა ამ ყველაფრისგან, აღარავის უკვირს და ასეთ დროს სალომე საკუთარ თავზე იღებს არა მარტო სტუმრების გამასპინძლებას, არამედ საოჯახო საქმეებს, ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, რაც დასაფასებელია.
- პირველი პაემანიც განსხვავებულად დაგეგმეთ?
- ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი ვახშამი იყო... სალომეს რა ეცვა, ისიც კი მახსოვს: შარვალი, რომელიც ძალიან მომწონდა და სულ ვთხოვ, ჩაიცვას, მაგრამ მრავალფეროვნება უყვარს და ხშირად არ აკმაყოფილებს ჩემს თხოვნას (იღიმის).
სალომე:
- გიორგი ყურადღებიანი, მზრუნველი და ძალზე კეთილი ადამიანია. ამ თვისებებმა განაპირობა ჩემი ინტერესი. პირველი შეხვედრისას ცხადია, მის მიმართ არანაირი გრძნობა, ემოცია არ მქონდა, მაგრამ გამიჩნდა განცდა, რომ ჩემი მეუღლე ეს ადამიანი თუ არა, მისი მსგავსი მაინც იქნებოდა. გიორგისგან განსხვავებით, რა ეცვა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, ჯინსი და ღია ვარდისფერი პერანგი (იცინის).
გიორგი:
- მთავარი ის იყო, როცა დავიწყებდით ურთიერთობას და მერე "ბოლო სიტყვად" სულ ვეუბნებოდი: იცოდე, შენ ჩემი ცოლი გახდები-მეთქი. ჩემთვის მთავარია, მიზანი დავისახო და მერე ყველაფერი გავაკეთო მის მისაღწევად. ჰოდა, ამ შემთხვევაშიც მიზანი დავისახე, სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენე, რომ სალომეს გული მომეგო. მაგალითად: ინტენსიური აქტიურობა, პირიქით - ნაკლებაქტიურობა, ყურადღებიანობაც და უყურადღებობაც. მოკლედ, ყველა გზა ვცადე...წაიკითხეთ სრულად