რუსეთში ურთულესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ყოველდღიურად ინფიცირების ათიათასობით შემთხვევა ვლინდება. მხოლოდ 28 ოქტომბერს ქვეყანაში ინფიცირების 40 096 ახალი შემთხვევა აღწერეს, ამავე დღეს ვირუსს 1159 ადამიანი ემსხვერპლა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის მცდელობაა, აცრილთა პროცენტული მაჩვენებელი დაბალია და სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 38,3%. ამის მიზეზი რუსული წარმოების Sputnik V-ის მიმართ ადამიანების სკეპტიკური განწყობაა. ბევრი ამბობს, რომ არ ენდობიან ადგილობრივი წარმოების ვაქცინებს.
როგორც BBC წერს, ყოველდღიურად იმატებს მძიმე ფორმებით ჰოსპიტალიზებული კოვიდინფიცირებულთა რიცხვიც. პაციენტების 60%-ს კი 60 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ.
რა შეზღუდვები დაწესდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით?
საინტერესოა, რომ შეზღუდვების დაწესების გამო, რუსეთის მოსახლეობის ნაწილი სამოგზაუროდ წასასვლელად ემზადება. ეგვიპტის საკურორტო სასტუმროები, რომელიც დასასვენებლად პოპულარული ადგილია რუსებისთვის, სრულად დაჯავშნილია, ხოლო რუსეთი-ეგვიპტის ავიარეისების ბილეთები მთლიანად გაყიდული.
ვინც დასასვენებლად არ მიდის და სახლში აპირებს დარჩენას, ისინი პანიკურად იმარაგებენ პროდუქტებს. მოსკოვის ორენბურგის ბაზარში, ამ კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხორცი და თევზეულობა გაიყიდა.
რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა პაპოვა ქვეყანაში შექმნილ მძიმე კოვიდსიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, ფიტნეს ცენტრებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფრო კატეგორიული და სწრაფი ზომების მიღებაა საჭირო.
ცნობისთვის, worldometers-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, რუსეთში საერთო ჯამში, ინფიცირების 8,3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 235 057 პაციენტი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, ის მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა და მხოლოდ აშშ-ს, ინდოეთს, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთს ჩამორჩება.
მოამზადა ანა სიბოშვილმა