ავტორი:

"...მთელი ეს ისტორია ჩემთვის იღბლიანი გადაწყვეტილებით დასრულდა" - ვინ არის "ბაქარის ახალი გატაცება", როგორია მისი რეალური ცხოვრება და ვინ მიიყვანა ჩცდ-ში?

"...მთელი ეს ისტორია ჩემთვის იღბლიანი გადაწყვეტილებით დასრულდა" - ვინ არის "ბაქარის ახალი გატაცება", როგორია მისი რეალური ცხოვრება და ვინ მიიყვანა ჩცდ-ში?

"ჩემი ცოლის დაქალები" განაგრძობს სერიალში ახალ-ახალი პერსონაჟების შემოყვანას. ამ სეზონზე ბაქარ ორჯონიკიძის გმირს ახალი პატრნიორი ჰყავს - გოგონა მისივე სოფლიდან, რომელიც მოსწონს... როგორ განვითარდება ამბები ამ ორ პერსონაჟს შორის, ამას მომდევნო სერიებში ვიხილავთ. მანადე კი გოგონას როლის შემსრულებლის ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ.

როლს ნანცო ცხვირაშვილი თამაშობს. ის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობია. როგორც აღვნიშნეთ, პოპულარულ სერიალში ძალები უკვე მოსინჯა. ვისგან მიიღო შემოთავაზება ჩცდ-ში ეთამაშა, მაშინვე დათანხმდა თუ არა წინანადებას, რას ფიქრობს თავის პერსონაჟზე - ამ და სხვა საკითხებზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

ნანცო ცხვირაშვილი:

- ყველა მსახიობისთვის საოცნებო ზარი მქონდა - ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. ამ როლისთვის მსახიობ გოგოს ეძებდნენ. თეკლა ჯავახაძემ გამიწია რეკომენდაცია და დიდი მადლობა მას ასეთი ნდობისთვის. შემდეგ, ტრადიციულად, სცენარი გადმომიგზავნეს, ჩავწერე სინჯი და გავაგზავნე. მთელი ეს ისტორია ჩემთვის იღბლიანი გადაწყვეტილებით რომ დასრულდა, უკვე თქვენ და ჩცდ-ს მაყურებელმაც იცის.

- თქვენი თამაში დამაჯერებელია - ბევრს მოეწონა... თავად რას იტყვით პერსონაჟზე?

- მიხარია, თუ ეს ასეა, თუმცა ყველაფერს მაინც მაყურებელი გადაწყვეტს... ჩემს პერსონაჟს რაც შეეხება, პერსპექტიული გოგო მგონია, ვნახოთ, რა გზით განვითარდება მისი ამბავი. ჯერჯერობით დედის რჩევებს იზიარებს და თვითონაც საკმაოდ დაკვირვებულია, მოზომილი, თან, მეოცნებე, ვითომ ცოტა გულუბრყვილოც. ამ ეტაპზე პატარა სივრცეშია და ამიტომ რთულია, მთლიანად მისი ხასიათი გამოჩნდეს, თუმცა ამითაც საინტერესოა.

- სანამ ამ სერიალში მოხვდებოდით, უყურებდით თუ არა მას და გქონიათ თუ არა სურვილი მასში თქვენც გეთამაშათ? აქვე რას იტყვით პარტნიორებზე და გადამღებ ჯგუფზე?

- საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალი როგორ შეიძლება არ მომწონდეს და მოხიბლული არ ვიყო. ძალიან მომწონს და პირველივე დღიდან ყველა სეზონს ვუყურებ. რაც შეეხება პარტნიორებს და გადამღებ ჯგუფს, ყველას უდიდეს მადლობას ვეტყვი. რადგან რთულია, უცხო გარემოში დებიუტი (არ მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება). მეშინოდა წარმოდგენის - როგორ დამხვდებოდნენ. როგორია ამდენ გამოცდილ ადამიანთან ერთი ამოსუნთქვით შეხვიდე და ითამაშო, ახალი პერსონაჟი დაამახსოვრო მაყურებელს, გაამართლო. მაგრამ ისე მიმიღეს, ისეთი ატმოსფერო იყო, უცხოდ და გამოუცდელად არ მიგრძვნია თავი. ესეც კარგ გამოცდილებას მოაქვს ალბათ. მეც რომ არ ვთქვა, ფაქტია, საუკეთესო პროექტია და საუკეთესო გუნდის გარეშე ვერ გამოვიდოდა, თან ამდენი წლის მანძილზე ასეთი რეიტინგით.

- თქვენი გმირი საკმაოდ სკანდალური პერსონის ბაქარ ორჯონიკიძის რჩეული გოგონაა... მოგწონთ ბაქარის პერსონაჟი?

- ცალსახად საინტერესო სახეა, არაერთგვაროვანი. ადვილად ვერ ახსნი, როგორია და თუ ეპითეტია საჭირო, ალბათ უფრო პატივმოყვარე, კარიერისტი. მომწონს პარტნიორის რანგში და არა ბაქარის ტიპი ცხოვრებაში.

- ე.ი. ბუბა, როგორც მსახიობი, კარგი პარტნიორია...

- პერსონალური მადლიერება ბუბას. კარგი პარტნიორის დამსახურებაა, თუ მაყურებელს ჩემი პერსონაჟიც მოეწონა. მისმა ბუნებრივობამ გამათამამა.

- დიდი ხანია, ქუთაისის ლადო მესხისვილის სახელობის თეტარის მსახიობი ხართ?

- 2008 წელს ჩავაბარე და 2012 წელს დავამთავრე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ ვიყავით „ქუთაისის მიზნობრივ ჯგუფში“ ბატონ გიორგი სიხარულიძესთან, რომელიც იმ წლებში მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და პირველივე კურსიდან, ე.ი. 2008 წლიდან ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე უკვე პირველი გამოცდილება მივიღეთ. იმის მერე ჩემი პროფესიული გზა ამ თეატრს უკავშირდება. იყო სხვა გამოცდილებაც, მაგრამ მთავარი და მშობლიური, მაინც, რა თქმა უნდა, მესხიშვილის თეატრია.

ფოტო: სპექტაკლიდან ''იხვებზე ნადირობა"

- მოკლედ, ძალიან გიყვართ თქვენი პროფესია და ეს თეატრიც...

- მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ვინ არ ოცნებობს, მაგრამ მე გამიმართლა. ყველაფერი და ყველა მიყვარდა, ვისაც სცენაზე ვხედავდი. იმ ასაკშიც კი, როცა ცუდს და კარგს დიდად ვერ არჩევ და უბრალოდ, ჯადოსნურ სამყაროს ასახდენი ზღაპარივით ნატრობ. მარტო მე არა, ყველას გაგვიმართლა, ვინც ამ ჯგუფში გიორგი სიხარულიძესთან მოვხვდით. ის 16 ადამიანი დღემდე ერთად ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ, ერთმანეთი გვიყვარს. ეს ალბათ, პროფესიაზე ნაკლები საჩუქარი არ იყო ჩვენი ცხოვრებისთვის. რაც შეეხება სცენის პირველ შთაბეჭდილებას, პირველი კურსიდან იმ მსახიობებთან მოგვიწია თამაში, ვისაც წლების მანძილზე პარტერიდან ვუყურებდი და მთელი ცხოვრება მიუწვდომელი მეგონა. მესხიშვილის თეატრის ისტორიულ სცენაზე დგომა ხომ ნამდვილად დიდი პატივია და ამაზე მეტი - პასუხისმგებლობა.

- პროფესიის გარდა დროს რას უთმობთ?

- თავისუფალ დროს თეატრში რეპეტიციების შემდეგ, ან იქვე ვრჩებით, ან სადმე ახლო-მახლო, ოღონდ, იგივე შემადგენლობით. მეგობრების წრეში იმავე თემებზე ვაგრძელებთ ლაპარაკს, რაზეც კულისში ვლაპარაკობთ, ეზოში ან საგრიმიოროში. მოკლედ, თემა მაინც სულ ერთია - მესხიშვილის თეატრი და შემოქმედებითად უკეთესი სურვილები (მით უმეტეს, პანდემიის პირობებში). მიყვარს ასევე გასტრონომიული გართობა მყუდრო გარემოში და სიმღერა. ასეთია ჩემი ყოველი დღე, პირადიც და საზოგადოც. სულ ქუთაისის, მეგობრების და თეატრის გარემოცვაში ვარ.

- სერიალს და თქვენს პერსონაჟს რომ დავუბრუნდეთ - რას უსურვეთ თქვენს გმირს?

- ჩემს გმირს ბუნებრივია, მაყურებლის ფავორიტობას ვუსურვებ. ოღონდ, მანამდე საინტერესო გზას და თავგადასავლებს, განვითარებას, ახალი თვისებების გამოვლენას, რაც ასეთი პერსონაჟისგან მოსალოდნელიცაა მგონი და რაც ყველაზე მთავარია, სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას სერიალში.