ავტორი:

კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინებით ცრიან ჩინეთში 3 წლიდან ბავშვებს  და რა აჩვენა კვლევამ,  რომელშიც მონაწილეობა 14 000-მა მოზარდმა მიიღო

კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინებით ცრიან ჩინეთში 3 წლიდან ბავშვებს  და რა აჩვენა კვლევამ,  რომელშიც მონაწილეობა 14 000-მა მოზარდმა მიიღო

ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირეა. ჩინეთში ვაქცინაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, 1.4-მილიარდიანი მოსახლეობიდან 1.07 მილიარდი უკვე აცრილია.

გარდა ამისა, ჩინურმა მარეგულირებლებმა გასცეს ნებართვა, დაიწყოს აცრები 3 წლის ზემოთ ბავშვებშიც. უფრო მეტიც, ჩინეთში უკვე სამმა პროვინციამ (სრულ ტერიტორიაზე) და კიდევ ორი პროვინციის ორმა ქალაქმა გასცა ბრძანება 3-დან 11-წლამდე ბავშვების სავალდებულო აცრის შესახებ. ჰუბეის, ფუძიანის, ხაინანის პროვინციებს შეუერთდა ჯეძიანგისა და ჰუნანის პროვინციების ორი ქალაქი.

  • საუბარია ჩინური წარმოების "სინოვაკითა" და სინოფარმით" ბავშვების ვაქცინაციაზე.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ ივნისში გასცა თახმობა პეკინში წარმოებული "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინების 3-დან 17 წლამდე ბავშვებში გამოყენებაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, აცრები მხოლოდ 12 წლიდან ზემოთ მოქალაქეებს უტარდებოდათ.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დასაშვები გახადა ბავშვების აცრა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმაც დაიწყეს ჩინური წარმოების ვაქცინებით მოზარდთა ვაქცინაცია. მათ შორისაა:

  • კამბოჯა, სადაც "სინოვაკით" და "სინოფარმით" 6 წლიდან ბავშვებს ცრიან.
  • ჩილე - რეგულატორებმა "სინოვაკით" აცრა 6 წლიდან ბავშვებზე დაუშვეს.
  • არგენტინა - "სინოფარმით" 3 წლიდან ბავშვებს ცრის,

ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში 12 წლიდან ზემოთ მოზარდებს უკეთდებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა. იყენებენ "ფაიზერის" ვაქცინას. ცნობილია ასევე, რომ ამერიკა მალე აპირებს 5 წლიდან ბავშვების იმუნიზაციის დაწყებას.

  • კვლევა ბავშვებში "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ

ბავშვებში "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ეფექტიანობის, ასევე მისი უსაფრთხოების განსასაზღვრად, სხვადასხვა ქვეყანაში კვლევა სექტემბერში დაიწყო, კვლევის ფარგლებში, საერთო ჯამში, 14.000 მოზარდი აცრეს. კვლევამ გაიარა ორი ფაზა და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მიიღეს ჩინეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში 3 წლის ასაკიდან ბავშვების მასობრივად ვაქცინაციის გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პროცენტით ეფექტიანია, ან რამდენად უსაფრთხოა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინები. არ სახელდება კონკრეტული ციფრები, არც გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ არის ცნობილი ოფიციალური მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ მშობლების ნაწილი ჯერ კიდევ ეჭვით უყურებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებში გამოყენებას და გადაწყვეტილების მისაღებად მეტ დროს ითხოვს, ნაწილი კი იმითაა მშვიდად, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები უკვე გამოიცადა 14 000 ბავშვში.

  • ვანგ ლუ, რომელიც ფუჯიანის პროვინციაში ცხოვრობს, სულაც არ ჩქარობს მისი 3 წლის ვაჟის აცრას. "არ მინდა პირველი ადამიანი ვიყო, ვინც თავის არასრულწლოვან შვილს აცრის. ჯერ შედეგებს დაველოდები“.
  • ვუ კონგი, 7 წლის გოგონას დედაა და ამბობს, რომ შანჰაის სკოლიდან ჯერ კიდევ არ მიუღია ცნობა აცრის ახალ რეგულაციებზე - "ვფიქრობ ეს ვაქცინა გრიპის ვაქცინისგან არაფრით განსხვავდება და უკვე იმდენი ადამიანია აცრილი, რომ საერთოდ არ ვნერვიულობ“ - ამბობს ის.

ჩინეთის ხელისუფლებას ეპიდემიური აფეთქებისგან თავის დაცვა სურს და ქვეყნის ფარგლებში რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრას ცდილობს: ქვეყანაში განსაკუთრებით "დელტა" შტამის გავრცელებას უფრთხიან. აღსანიშნავია, რომ თებერვალში დაგეგმილია პეკინის ზამთრის ოლიმპიადა, თუმცა სწორედ "დელტა" ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანამ ოლიმპიადაზე უცხოელი ტურისტების დასწრება აკრძალა. ოლიმპიადის მონაწილეებს კი მაყურებლებისგან მოშორებულ ლოკაციაზე მოუწევთ ყოფნა.

worldometers-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის გამოვლენის დღიდან, ამ დრომდე ჩინეთში ინფიცირების 96 938 შემთხვევაა აღწერილი. მათ შორის, 4 636 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ 659 აქტიური შემთხვევაა.

წყარო: time.com

მოამზადა ანა სიბოშვილმა