ეს არის საოცარი ისტორია ბათუმელ დებზე, რომლებმაც ოჯახისთვის სიცოცხლე გარისკეს. ყველაფერი შვილის ყოლის დაუძლეველი სურვილით დაიწყო. ეთერ ლეონიძის განგაში ორსულობის შესახებ, თავდაპირველად, ცრუ აღმოჩნდა. მეტიც, ექიმთან მისულს საკვერცხის ტუბერკულოზი აღმოაჩნდა და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ამ დიაგნოზით მისი მრავალწლიანი მკურნალობის დამღლელი ეტაპი ჯერ კიდევ იწყებოდა.
მკურნალობა საქართველოსა და თურქეთის წამყვან კლინიკებში, უმეტესად, უშედეგო იყო ან მხოლოდ დროებით ეფექტს იძლეოდა. გამოკვლევების გრძელვადიან პროცესში ექიმებმა გვიან აღმოაჩინეს, რომ ეთერ ლეონიძეს ღვიძლის ტერმინალური დაზიანება აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა უკვე საკმაოდ მძიმე იყო და ტრანსპლანტაციას საჭიროებდა. სწორედ ამ დროს შეიტყო სასიხარულო ამბავი ორსულობის შესახებ ქალმა, რომელიც ისედაც უმძიმეს დაავადებას ებრძოდა.
ეთერ ლეონიძემ შვილის გაჩენა ყველაფრის ფასად გადაწყვიტა, თუმცა ამის შემდეგ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. ოჯახს, რომელიც გამოსავალს ყველგან ეძებდა, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და კახაბერ ქაშიბაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ექიმების გუნდი ურჩიეს. როგორც თავად პაციენტი იხსენებს, რეკომენდაციამ იმდენად გაამართლა, რომ დღეს უკვე მოგონებად იქცა ის ხანგრძლივი ტკივილი, რომელსაც გამოსაჯანმრთელებლად მრავალწლიანი მცდელობა ჰქვია.
დის გადასარჩენად საკუთარი ღვიძლი ლამზირა ლეონიძემ გაიღო. ოჯახის წევრების ბრძოლამ გაამართლა: პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობაში მყოფი ქალის ორგანიზმმა დონორი ორგანო მიიღო და ტრანსპლანტაციაც წარმატებით შესრულდა, თუმცა კლინიკური თვალსაზრისით ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმები შემთხვევას პრაქტიკულად უპრეცედენტოს უწოდებენ. როგორც მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი, ჰეპატოლოგი სოფიო ბერიძე იხსენებს, პაციენტის საოპერაციოდ მომზადება უდიდესი გამოწვევა იყო, ხოლო ოპერაციის მსვლელობისას მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე გახლდათ, რომ ქირურგიული ჩარევის შეჩერების და 24 საათის შემდეგ გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, მას შემდეგ, რაც სიცოცხლის აღმდგენი ინტენსიური ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო.
ეს იყო დები ლეონიძეებისა და ექიმების 72-საათიანი ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. დღეს კი დების ოჯახში ბედნიერი დასასრულის მქონე დამღლელი ისტორია წარსულის მოგონებად დარჩა.