პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს და ოპოზიციონერ დეპუტატ არმაზ ახვლედიანს შორის შელაპარაკება მოხდა.
როგორც ახვლედიანმა განაცხადა, ის კულტურის კომიტეტში მუშაობის აზრს ვერ ხედავს, რაზეც ბოლქვაძემ უპასუხა, რომ თუკი კომიტეტში მუშაობა არ სურს, შეუძლია მიბრძანდეს.
კამათი არმაზ ახვლედიანის მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც კომიტეტის ფორმატში ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის საკითხზე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების მოსმენას ითხოვს.
როგორც ახვლედიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბათუმის ცენტრში "აღვირახსნილი უკანონობა“ ხდება, თვეებია საკომიტეტო მოსმენის გამართვის საკითხს სვამს, მაგრამ განხილვის პერსექტივა არ ჩანს.
“ვერ ვხდები რატომ და რა გახდა ასეთი?! - ბათუმის შუაგულში, ბულვარის ცენტრში უკვე 18 სართულია! სამთავრობო უწყებებისგან მოვისმინოთ, ვის კისერზეა ეს დანაშაული. ბათუმის ბულვარი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა და ჩვენ სასამართლოს დაველოდოთ, რომელიც კაცმა არ იცის რას გააკეთებს?! ხანძარია და ჩვენ თვეებია ამ ხანძარს გარს ვუვლით! ბათუმის ბულვარი დაიქცა - ასეთი რამ არც ასლან აბაშიძის დროს და არც სააკაშვილის დროს არ მომხდარა. მოვიდეს თეა წულუკიანი საკუთარი უწყების წარმომადგელებთან ერთად და პასუხი გასცეს კითხვებს. პირდაპირ კორუფციასთან გვაქვს საქმე. ჩადენილია წამოუდგენელი დანაშაული და შეიძლება ეს ასე გადააბალახოთ?! ეს არ არის კომიტეტი, ეს არ არის მუშაობა!“ - მიმართა არმაზ ახვლედიანმა ელისო ბოლქვაძეს.
თავის მხრივ, ბოლქვაძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და “როცა სასამართლო პროცესია პარლამენტი ვერ ჩაერევა“. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა ისიც, რომ “თეა წულუკიანი არის თბილისში და ის(მშენებლობა) არის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“.
საკომიტეტო მოსმენის გამართვის მოთხოვნაზე პასუხად ბოლქვაძემ ახვლედიანს განუცხადა, რომ თეა წულუკიანი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა და შეუძლია კითხვა პირადად მას დაუსვას.