ავტორი:

"გარწმუნებთ, მას არ შეექმნება არცერთი სასიცოცხლო რისკი" - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე?

"გარწმუნებთ, მას არ შეექმნება არცერთი სასიცოცხლო რისკი" -  რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე?

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილს არ აქვს არანაირი საჭიროება იმისა, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში.

მინისტრის განმარტებით, არანაირად არ ხდება პაციენტის იძულებითი წესით განთავსება პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში. მისივე თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებს.

"მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი რამ - არაერთი კითხვა გაჩნდა იმის თაობაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს პენიტენციური სამსახურის საავადმყოფო ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც სჭირდება ნებისმიერ პაციენტს. სწორედ აქედან გამომდინარე, გუშინ, რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, რის შედეგადაც ის დღეს შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არამხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე, დადებს დასკვნას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ. რაც შეეხება ექსპერტების რეკომენდაციებს, რეკომენდებული იყო „დოპლერის“ გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს ამ მიმართულებით არ აღენიშნება არანაირი გართულება. ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც გასცემენ ექსპერტები, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კლინიკური დასაბუთება, რომ ეს პაციენტს ნამდვილად ესაჭიროება და მე გარწმუნებთ, რომ მას არ შეექმნება არცერთი სასიცოცხლო რისკი.

პაციენტი იმყოფება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ახლაც ადგილზე, კონსილიუმის გარდა, იქ არსებული სამედიცინო პერსონალის მხრიდან ხდება მისი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, ყველა რისკი დაყვანილია მინიმუმამდე. მის პირად ექიმსაც არანაირი შეზღუდვა არ აქვს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დრო გაატაროს პაციენტთან და დადოს შესაბამისი დასკვნა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება იმას, რატომ არ ხდება სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, როცა 2020 წელს კერძო საავადმყოფოებში ციხიდან 500- ზე მეტი პაციენტის გადაყვანა მოხდა, ტიკარაძე განმარტავს :

„ნამდვილად არ არის ასე. მე დავინტერესდი ამ მონაცემებით და ეს პაციენტები გადაყვანილები არიან სხვადასხვა კლინიკებში სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ეს იყო სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა. თუ პაციენტ სააკაშვილსაც დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა და იქნება სამედიცინო ჩვენება, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ მიიღება. ამ ეტაპისთვის მას არ აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ გადაყვანილი იყოს სხვა კლინიკაში. მხოლოდ ეს არის. აქ არანაირად არ ხდება პაციენტის იძულებითი წესით განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში. ეს საავადმყოფო მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს და დღესდღეობით, მხოლოდ ეს არის მსჯელობის საგანი საზოგადოებაში“, - აცხადებს ტიკარაძე.