ბორჯომში მამა-შვილი, სავარაუდოდ, სოკოს მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცლებს.
მათი ცნობით, ერთი და იგივე სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში ჯერ მამა, შემდეგ კი შვილი შეიყვანეს.
"გუშინ ღამით შემოიყვანეს 70 წლამდე კაცი მაღალი წნევით, ჰქონდა თირკმლის მწვავე უკმარისობა და პნევმონია. კვლევების დროს, რძალმა თქვა, რომ 16 ოქტომბერს პაციენტმა სოკო ჭამა და გადასხმებს უკეთებდნენ სახლში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ამბობს ბორჯომის რეფერალური კლინიკის ექიმი, მაია ტიტვინიძე "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბრისას.
მისივე თქმით, იგივე სიმპტომებით, პაციენტის 40 წლამდე შვილი კლინიკაში მეორე ღამეს შემოიყვანეს. მანამდე კი ის მამასთან ერთად კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა ჩივილების შეასახებ არაფერი უთქვამს.
"ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო დახმარება, მაგრამ ზუსტად იგივე თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა პაციენტის გულის გაჩერება", - ამბობს იგი.
მომხდართან დაკავშირებით, დაიწყო თუ არა გამოძიება უცნობია, რედაქცია პასუხს შსს–დან ელოდება.