ესპანეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
ის ამბობს, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა და გაუგებარია, რატომ გაჟღერდა გახმაურებულ საქმესთან მისი სახელი.
"წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც? 15 წელია მე არ მიცხოვრია საქართველოში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 6 წლის წინ დამაკავეს უცხოეთში, შემდეგ მოხდა საქართველოში ჩემი ექსტრადირება და ყველა ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
როგორც ჩანს, დღეს საქართველოში ტალახის სროლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ახლა თურმე ვიღაცის მკვლელობის შეკვეთას მაბრალებენ და საერთოდ არ აინტერესებთ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ამას ისმენენ, ამაზე არ ფიქრობენ. როგორ შეიძლება ეს?" - ამბობს ბარათელი "კურიერთან" საუბარში.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის დამკვეთმა სწორედ "ჭიას" სთხოვა, რომ ახალგაზრდა ქალის ლიკვიდაციისთვის შემსრულებელი ეპოვა. ამის შემდეგ ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა.
ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია“ უკვე წლებია საზღვარგარეთ "კანონიერი ქურდის" სტატუსით ცხოვრობს, თუმცა მედია მისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში გამოჩნდა.
ლაშა ბარათელის მუდმივი საცხოვრებელი თურქეთია. მამაკაცი გამოცემა "პრაიმ კრაიმის" მიერ გამოქვეყნებულ "კანონიერი ქურდების" რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ "კანონიერი ქურდს" შორის ერთ-ერთია. ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს აკურთხეს ქურდად.