ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის პალატა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა მოქალაქეს მიმართავს თხოვნით, გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
უკვე შეუძლებელია ამ დაუნდობელ რეალობში ცხოვრება და არსებულ მძიმე მდგომარეობასთან გამკლავება. ყოველ დღე იმ ადამიანებთან გამომშვიდობება, რომლებიც ამ ვერაგმა ვირუსმა იმსხვერპლა. გაუსაძლისია იმ შიშით ცხოვრება, რომ მსგავსი საფრთხის წინაშე შესაძლოა, ჩვენი ოჯახები და ახლობლებიც დადგნენ, რადგან ეს საფრთხე ძალიან რეალურია, ქვეყანაში კოვიდსიტუაცია კი, დღითიდღე მძიმდება.
ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციაა.
როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, მასობრივი ვაქცინაციის გარეშე, მხოლოდ რეგულაციების დაცვით, ვერ შევძლებთ სიკვდილიანობის შემცირებას და საბოლოოდ კოვიდ-19-ის დამარცხებას. ამიტომ გთხოვთ, ვისარგებლოთ ვაქცინაციით და მივცეთ საშუალება ჯანდაცვის სექტორსა და სამედიცინო პერსონალს, ცივი გონებითა და მაღალი პროფესიონალიზმით დაიცვან თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა.
მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან დღეს ცალ-ცალკე დგომის დრო არ არის, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით, სიყვარულით, მოთმინებითა და მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით შევძლებთ პანდემიის დამარცხებას!
NS