ავტორი:

"ის უზრდელია... ჯღაბნის იმაზე, რომ თურმე რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები კარის მსახურები ვართ" - რატომ აკრიტიკებს გიგა კვენეტაძე მებო ნუცუბიძეს?

"ის უზრდელია... ჯღაბნის იმაზე, რომ თურმე რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები კარის მსახურები ვართ" - რატომ აკრიტიკებს გიგა კვენეტაძე მებო ნუცუბიძეს?

გუშინ მომღერალმა მებო ნუცუბიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა, სადაც წერს, რომ ერთ-ერთი რუსული მუსიკალური შოუდან "Ну-ка, все вместе!" უკვე მესამედ დაუკავშირდნენ და სტუმრობა სთხოვეს. მომღერალმა გადაცემაში სტუმრობაზე უარი განაცხადა და ქასთინგ-მენეჯერს ვრცელი წერილი მისწერა, სადაც წერდა, რომ რუსეთს ამჟამად ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და ტერიტორიების დაბრუნებამდე დაემშვიდობა.

მომღერლის ამ სტატუსის ქართულ მედიაში განიუსების შემდეგ, მას რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე გამოეხმაურა.

„არ ვიცი ვინ არის და არც მაინტერესებს მაგრამ, ფაქტია, რომ ის უზრდელია როცა ჯღაბნის იმაზე, რომ თურმე რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველი ხელოვანი კარის მსახურები ვართ. კი, გეთანხმები, მე ჩემი ოჯახის კარის მსახური ვარ, წითელი შენ ბიჭო.“ - წერს კვენეტაძე.

სტატუსის კომენტარებში მებოს კიდევ ერთი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გელა გულარია გამოეხმაურა.

„იმედია დაფასებულია საქართველოში ქართველი ხელოვანი...“ - წერს გულარია.

მებო ნუცუბიძის მიერ გამოქვეყნებული მიმოწერის სქრინებში კი ვკითხულობთ:

- გამარჯობა! მე ზოია შპაკოვსკაია ვარ, მუსიკალური შოუს "Ну-ка, все вместе!" ქასთინგ რედაქტორი. გვინდა, ჩვენს შოუში მონაწილეობა შემოგთავაზოთ. იქნებ, დეტალურად განგვეხილა...

მებო ნუცუბიძის პასუხი კი ასეთია:

"გამარჯობა საქართველოდან. თუ არ იცით, გეტყვით, რომ ჩემი ქვეყნის ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერაა ოკუპირებული. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, დავუკრა და ვიმღერო იმ ოკუპანტ ქვეყანაში, რომელმაც მოკლა და ახლაც კლავს და აპატიმრებს საქართველოს მოქალაქეებს.

რუსეთს ამჟამად ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. გადავხედე თქვენი შოუს რამდენიმე ეპიზოდს და სულაც არ გამკვირვებია, რომ ქართველებს მუდამ "ხაჭაპურისა" და "ნანაი-ნანაი-ნანას" ხალხად ასახავთ. მსგავსი სტერეოტიპებით შექმნილი კარიკატურული სურათები ჩემთვის მიუღებელია. მე ჩემი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ვარ და არ მინდა, იმ შოუში მივიღო მონაწილეობა, რომელიც ჩვენს მემკვიდრეობასა და ღირებულებებს ამცირებს.

მადლობა და ნახვამდის მანამდე, სანამ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ", - სწერს ქართველი მომღერალი რუსული შოუს ქასთინგ დირექტორს.