ავტორი:

"არ მაქვს სურვილი მასთან ურთიერთობის... ეს იყო ის ბავშვი, რომელიც მე აღმოვაჩინე" - რას ამბობს ელისო ბოლქვაძე ხატია ბუნიათიშვილის შესახებ

"არ მაქვს სურვილი მასთან ურთიერთობის... ეს იყო ის ბავშვი, რომელიც მე აღმოვაჩინე" - რას ამბობს ელისო ბოლქვაძე ხატია ბუნიათიშვილის შესახებ

პიანისტმა, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ, "იმედის" ეთერში, გადაცემაში "სტუმრად ნოესთან" თავის კოლეგასთან, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ბოლქვაძის თქმით, ხატია მისი აღმოჩენა იყო, თუმცა ახლა კონტაქტი არ აქვს.

"ჩემი პირველი აღმოჩენა იყო ხატია ბუნიათიშვილი. კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ მას მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა - პირადულიც და არაპირადულიც. არ მაქვს სურვილი მასთან ურთიერთობის.

ეს იყო ის ბავშვი, რომელიც მე აღმოვაჩინე და იყო ათი წლის. მიშელ სონი, ჩემი მენტორი ჩამოვიყვანე საქართველოში და როდესაც მთელი თბილისის ქუჩებსა და უბნებში სიბნელე იყო, სწორედ მაშინ მივიყვანე ათწლედში მაესტრო და მაშინ მოუსმინა ბავშვებს და მათ შორის იყო ხატია და მისი და, რომელიც მან წაიყვანა ავსტრიაში და ჩემი ხელშეწყობით მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი,

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა. რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა შევძელი და რაღაც გამიკეთებია. მხოლოდ ხატია არ ყოფილა, ბევრი სხვაც იყო", - ამბობს ელისო ბოლქვაძე.

კითხვას, თუ ვინ მიაჩნია საკუთარი თავის გარდა ქართველებიდან მსოფლიო დონის პიანისტად, ბოლქვაძემ ასე უპასუხა:

"მსოფლიო დონის პიანისტად მიმაჩნია ელისო ვირსალაძე, რომლის წინაშეც ქედს ვიხრი, ლექსო თორაძე, ალექსანდრე კორსანტია, ესენი ნამდვილად არიან მსოფლიო დონის პიანისტები", - აღნიშნავს ბოლქვაძე.