მომღერალი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ერთ-ერთი რუსული შოუდან დაუკავშირდნენ და მონაწილეობის მიღება სთხოვეს.
"ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში.ჩემთვის, თითქოს ელემენტარულია, რომ წინასწარვე უნდა ხვდებოდეს ადამიანი ჩემს უარყოფით პასუხს, ვერც უნდა ბედავდეს მოწერას.
რა მინდა იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩემი ნათესავები სახლებიდან გამოყარა და რომლის აგრესიის გამოც უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრები დაიღუპნენ პოსტ-ტრავმული შედეგებით?!
ან იმ ხალხთან რა მესაქმება, ამ ყველაფერზე რომ თვალს ხუჭავს და რაღაც აბსურდებს გაიძახის?!
ოდესმე ყველამ ხომ უნდა დავუფიქსიროთ, რომ არ ვართ მათი კარის მსახურები, მომღერლები თუ მოცეკვავეები? თუმცა, სამწუხაროდ, ამ სითავხედის საფუძველს ჩვენც ვაძლევთ, ხაჭაპურებით და ნანაინანაინანებით", - წერს მომღერალი.
მომღერალი მიმოწერის ამსახველ "სქრინებს" აქვეყნებს, სადაც შემდეგი შინაარსის ტექსტს ვკითხულობთ:
- გამარჯობა! მე ზოია შპაკოვსკაია ვარ, მუსიკალური შოუს "Ну-ка, все вместе!" ქასთინგ რედაქტორი. გვინდა, ჩვენს შოუში მონაწილეობა შემოგთავაზოთ. იქნებ, დეტალურად განგვეხილა...
მებო ნუცუბიძის პასუხი კი ასეთია:
"გამარჯობა საქართველოდან. თუ არ იცით, გეტყვით, რომ ჩემი ქვეყნის ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერაა ოკუპირებული. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, დავუკრა და ვიმღერო იმ ოკუპანტ ქვეყანაში, რომელმაც მოკლა და ახლაც კლავს და აპატიმრებს საქართველოს მოქალაქეებს.
რუსეთს ამჟამად ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. გადავხედე თქვენი შოუს რამდენიმე ეპიზოდს და სულაც არ გამკვირვებია, რომ ქართველებს მუდამ "ხაჭაპურისა" და "ნანაი-ნანაი-ნანას" ხალხად ასახავთ. მსგავსი სტერეოტიპებით შექმნილი კარიკატურული სურათები ჩემთვის სმიუღებელია. მე ჩემი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ვარ და არ მინდა, იმ შოუში მივიღო მონაწილეობა, რომელიც ჩვენს მემკვიდრეობასა და ღირებულებებს ამცირებს.
მადლობა და ნახვამდის მანამდე, სანამ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ", - სწერს ქართველი მომღერალი რუსული შოუს ქასთინგ დირექტორს.