ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას მილი ჩამოვარდა და 65 წლის მამაკაცს დაეცა, მან თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად მამაკაცი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მოხდა.
"შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა ქარხნის ერთ-ერთ ძველ ობიექტზე.სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი.
საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მაქსიმალურად ეცდება დადგინდეს მომხდარი ფაქტის მიზეზები და სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.