ავტორი:

"კომის საშიშროებაა" - მეუღლის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფი ირაკლი ფირცხალავას მდგომარეობა დამძიმდა

"კომის საშიშროებაა" - მეუღლის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფი ირაკლი ფირცხალავას მდგომარეობა დამძიმდა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუსთავის ციხეში მე-13 დღეა შიმშილობს, დამძიმდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ განუცხადა.

როგორც ხვიტია განმარტავს, ირაკლი ფირცხალავას გადააგდილება არ შეუძლია, სისხლში შაქრის შემცველობამ დაიწია, თუმცა, ის ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებს.

„მისი მდგომარეობა დამძიმდა, სისხლში შაქრის შემცველობა დაუვარდა, ექიმებმა შესთავაზეს თაფლიანი წყლის დალევა, რაზეც უარი განაცხადა. ჰიპოგლიკემიური კომის საშიშროებაა, რომელიც შესაძლოა, სიკვდილით დასრულდეს. ფეხზე ვერ დგას, ვერ საუბრობს, ჰოსპიტალიზაცია შესთავაზეს, თუმცა, აღნიშნულზე ის უარს ამბობს“, - აცხადებს ხვირტია.

მისივე განმარტებით, ირაკლი ფირცხალავა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გუშინ, დღეს კი ადვოკატმა მოინახულა. სწორედ, მათგან ფლობს ის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას. როგორც ხვიტია განმარტავს, ფირცხალავა ოჯახის წევრებთან ზარის განხორციელების თვიური ლიმიტი უკვე ამოწურული აქვს, რის გამოც, ინფორმაციას მისგან ვერ იღებს.

ნინო ხვიტიას განმარტებითვე, მხოლოდ წყალს იღებს ასევე კიდევ ერთი პატიმარი - გიორგი ცააძეც.

ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განაგრძობს შიმშილობას. მასთან ერთად შიმშილობს კიდევ ერთი მსჯავრდებული გიორგი ცააძე.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსნადრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სპეცოპერაციიდან 9 წლის შემდეგ, 2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. მათგან ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.