ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ახალი სამუშაო ჯგუფი შეიძლება იყოს ბოლო შანსი კოვიდ 19- ის წარმოშობის დასადგენად.
"ეს არის ჩვენი საუკეთესო შანსი და შესაძლოა, ჩვენი უკანასკნელი შანსიც იყოს, დავადგინოთ ამ ვირუსის წარმოშობა,“- განაცხადა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაინმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ახალი სამუშაო ჯგუფი - სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფი ახალი პათოგენების წარმოშობის შესახებ (SAGO) - შექმნა, რომელიც 26 ექსპერტისგან შედგება.
ჯგუფი გამოიკვლევს, გადავიდა თუ არა ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე ვუჰანის ბაზრებზე თუ მან ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად გაჟონა. ჩინეთი მეორე ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსის წარმოშობის გამოკვლევა ჰქონდა დავალებული, მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთში ჩავიდა და გარკვეული დროის შემდეგ განაცხადა, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, ღამურებიდან გაჩნდა, თუმცა ამ საკითხზე მეტი მუშაობა იყო საჭირო.