ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიკეთოს ვაქცინა და მალე შეძლოს მისმა ქვეყანამ პანდემიის დამარცხება, ახალი მეთოდი მოიფიქრა. მისი თქმით, სახლებში მივლენ მათთან, ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს და ძილის დროს, ჩუმად აცრიან.
აღსანიშნავია, რომ როდრიგო დუტერტე გამოირჩევა მსგავსი განცხადებებით. მაგალითად, აქამდე მან თქვა, რომ დაიჭერს ყველას, ვინც აცრაზე უარს იტყვის.
ცნობისთვის, ფილიპინები იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა წარუმატებლად მიმდინარეობს და ამ დროისთვის, იქ სრულად აცრილია მოსახლეობის 22.4%.
ამიტომაც, ფილიპინების ხელისუფლება და კერძო სექტორი ერთობლივი ძალით ცდილობს ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას. San Luis Pampanga-ს მუნიციპალიტეტმა წამოიწყო კამპანია, რომელიც აცრილებს ძროხის მოგების შანსს აძლევს. კონგრესმენმა კამილა ვილარმა კი განაცხადა, რომ მის ქალაქში მცხოვრები ადამიანები თუ აიცრებიან, შანსი აქვთ, მოიგონ ბინა, მოტოციკლები, ასევე სურსათი.
მანილას გარეუბან სუკატში ყოველ კვირაში 20 აცრილ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მოიგოს 25კგ ბრინჯი. ინიციატივის მიზანი ღარიბი მოსახლეობის წახალისებაა.
ფილიპინებში კორონავირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე ინფიცირების 2 683 372 შემთხვევაა აღწერილი, Covid-19-მა 39 896 ადამიანი იმსხვერპლა.