ავტორი:

"პარლამენტის წინ ვიდექი და ერთ ლოზუნგს გავიძახდით: "დღეს ყველანი ქართველები ვართ" -  რას ამბობს  ვიქტორ იუშენკო  სააკაშვილის  მხარდამჭერ მიმართვაში

"პარლამენტის წინ ვიდექი და ერთ ლოზუნგს გავიძახდით: "დღეს ყველანი ქართველები ვართ" -  რას ამბობს  ვიქტორ იუშენკო  სააკაშვილის  მხარდამჭერ მიმართვაში

"2003 წელს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია, საქართველოს სამყარო შეიცვალა როგორც შინაგანად, ასევე გარედან, მაგრამ თქვენს მტრებს ასეთი საქართველო არ მოეწონა - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება", - ამის შესახებ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

მისი განცხადებით, რუსეთს არ სჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და რაც მთავარია, წარმატებული საქართველო.

"ძვირფასო საქართველო, ძვირფასო ქართველებო, ძვირფასო მეგობრებო! ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება, თქვენთვის ამ მოკლე წერილით მომემართა. ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი და ქართველებისადმი. ეს გრძნობა მრავალი, მრავალი საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა, დღეს კი სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენ ვისწავლეთ ურთიერთპასუხისმგებლობა და ახლა ერთმანეთი გვეიმედება სიხარულის, მწუხარების, დიდი განსაცდელებისა თუ ზეიმის დროს. ჩემი დღევანდელი სათქმელი უკავშირდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მინდა, ჩემი პოზიცია და ლოგიკა გაგაცნოთ, მაგრამ მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად.

2003 წელს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია. კურსი, რომელმაც თქვენი ერი მალევე მიიყვანა სამართლიან არჩევნებამდე, თავისუფალ ჟურნალისტებამდე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებამდე. თქვენს ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრება უსაფრთხო გახდა. გაქრა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. თქვენს სახლებში ელექტროენერგია და სითბო უკვე რეგულარულადაა.

მოკლედ, საქართველო შეიცვალა, მთელი მსოფლიოსთვის გაიხსნა - აქ მილიონობით ტურისტი ჩამოვიდა, რომლებსაც საქართველო შეუყვარდათ. თქვენ გეწვიათ ათასობით, შესაძლოა, ათიათასობით ინვესტორი, რომლებიც საქართველოსთვის შთამაგონებელი სინერგიის წევრები გახდნენ. მოკლედ, საქართველოს სამყარო შეიცვალა როგორც შინაგანად, ასევე გარედან. მაგრამ თქვენს მტრებს ასეთი საქართველო არ მოეწონათ.

მაშასადამე, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ საქართველო ნაწილობრივი ოკუპირება მოახდინა. რუსეთს არ სჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და, რაც მთავარია, წარმატებული საქართველო. არც იმ დროს და არც ახლა.

მაშინ, როდესაც ოკუპანტი თქვენი დედაქალაქიდან 20 ან 30 კილომეტრში იყო, მე, პრეზიდენტ კაჩინსკისთან, პრეზიდენტ ადამკუსთან, ესტონეთის პრეზიდენტთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად თბილისის მოედანზე, პარლამენტის წინ ვიდექი და ერთ ლოზუნგს გავიძახდით: "დღეს ყველანი ქართველები ვართ, დღეს ყველანი ვართ თბილისი და საქართველოს ოკუპაციას არ დავუშვებთ. ჩვენ თქვენს დედაქალაქს დავიცავთ." მტერი არ მოსულა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს დიდი გამარჯვება იყო. მილიონობით ქართველისა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში და არამხოლოდ ქართველებისა.

ყველა ეს მოვლენა, რომელზეც მოვყევი, იყო არამარტო ერთი ადამიანის ოცნება, არამედ ქართველი ერის ამბიცია და მან წარმატებას მიაღწია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება.

მინდა, რამდენიმე პოზიციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო არ შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში. რომ საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!”, - აცხადებს იუშენკო.