ავტორი:

ბათუმში, 26 მაისის ქუჩა გადაკეტილია - ტრაგედიის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩა გადაკეტილია - ტრაგედიის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სპეციალისტები მიმდებარე ტერიტორიებზე საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოებას სწავლობენ. 26 მაისის ქუჩა გადაკეტილია.

ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარედ ყველა ბინა დალუქულია და მოსახლეობას შესვლა ეკრძალება.

ნანგრევებზე კი ამ დროისთვის მძიმე ტექნიკის მუშაობა შეჩერებულია.

შემთხვევის ადგილზე, მოქალაქეები დილიდან მიდიან და ე.წ. გლოვის კუთხესთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ. ისინი გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამენ და მომხდარზე, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ უკანონო მშენებლობებზე ხელისუფლებას მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

კორპუსებიდან ევაკუირებული მოსახლეობა აცხადებს, რომ ნგრევის შედეგად ბინების კედლებზე ბზარები გაჩნდა, რაც საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.