ავტორი:

"მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე" - მიხეილ სააკაშვილის მამა

"მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე" - მიხეილ სააკაშვილის მამა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება, სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მივიდა.

როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გზავნილი შვილისადმი იქნება: „ბრძოლა ბოლომდე“. მისივე ინფორმაციით, თხოვნაზე, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, მიხეილ სააკაშვილმა უარი უთხრა.

"მიშასთვის გზავნილი იქნება: მიშა, ბრძოლა ბოლომდე. რადიკალურად ასეა. მე გუშინ ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე: ძალიან გცემ პატივს, მამა, ჩემო ნიკა (ნიკას მეძახის), მაგრამ შენ ჩემი ხასიათი იცი, ბოლომდე გავივლი. მე მივმართავ და ვუდასტურებ, ბრძოლა ბოლომდე!“- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სუსტი მიხეილ სააკაშვილი „ქვეყნისთვის დამღუპველია“.

„როგორც ექიმმა მივმართე გუშინ, ავუხსენი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. გავუშიფრე - ხალხს სჭირდება შენი ენერგია, დინამიურობა, აზროვნება და შენი სიყვარული სამშობლოსადმი, ზუსტად ასეთი ტექსტი გავუგზავნე. მიშა სუსტი, რაღაც მიზეზების გამო უძლური, ამ ქვეყნისთვის დამღუპველია. მიშა ხალხს ისეთი სჭირდება როგორიცაა და როგორსაც ვიცნობთ. სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტაზე უარი მითხრა. მაგრამ თქვა - შენ ჩემი ხასიათი და მიზანსწრაფვა იცი, მე გავალ ბოლომდე. ამიტომ, მივმართავ კიდევ ერთხელ: მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე“,- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რა იქნება მისი გზავნილი მთავრობისადმი, ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს: „მთავრობა არის საერთოდ? მგონი არ გვყავს. გვყავს?“

„ვთვლი, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა არალეგიტიმურია“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციას მართავენ.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მე-9 დღეა შიმშილობს.